მადინა უმაევას დედამ კადიროვს ბოდიში მოუხადა

ხუტმატ დავლეტმირზაევა

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მადინა უამევას დედამ ხუტმატ დავლეტმირზაევამ თავისი განცხადების გამო ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა.

დავლეტმირზაევა ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა. მონანიება ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის „გროზნოს“ ეთერით გადაიცა.

საჯარო მონანიება რამზან კადიროვისთვის გავრცელებული პრაქტიკაა და მას საკმაოდ ხშირად მიმართავს.

23 წლის მადინა უმაევა 12 ივნისის საღამოს დაიღუპა. ის იმავე ღამეს დაკრძალეს. მადინა სამი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო. ჩეჩნეთში ეჭვობენ, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი გახდა და შესაძლოა ცოცხლადაც დამარხეს.

ტელესიუჟეტში ნაჩვენები სხდომა ქალაქ გუდერმესის მერიაში გაიმართა. რამზან კადიროვმა დამსწრეებს გარდაცვლილის ექსპერტიზის შედეგები გააცნო. მისი თქმით, გვამს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ეტყობოდა.

ასევე კადიროვმა გარდაცვლილის დედას მოსთხოვა, მოეყოლა, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია გოგონას მკვლელობაზე.

ხუტმატ დავლეტმირზაევას თქმით, მას აცნობებს, რომ 12 ივნისის საღამოს, სიძის სახლიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა. გარდა ამისა, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, რომ უეცრად გარდაცვლილიყო.

კადიროვმა ასევე გამოკითხა პროკურორი, შსს-ს ხელმძღვანელი და იმამი, რომელიც დაკრძალვას ხელმძღვანელობდა.

პროკურორმა ისაუბრა ნეშტის ექსჰუმაციის შესახებ და განაცხადა, რომ კვალი სუდარაზე, რომელიც საზოგადოებამ ცოცხლად დამარხული ადამიანის სისხლად მიიჩნია, გვამის გახრწნის შედეგად გაჩენილი ლაქები იყო.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა შვილიშვილები, რომლებიც ხუტმატ დავლეტმირზაევას თავისთან ჰყავდა წაყვანილი ისევ მამისთვის, ვისხაჯი ხამიდოვისთვის დაებრუნებინათ.