პოლიციელი უარყოფს ბაჩალიაშვილის მამასთან დარეკვას იმის სათქმელად, რომ "თამარი შარში იყო"

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამომძიებელი, რომელმაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ მას პრობლემები ჰქონდა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. ბაჩალიაშვილის მამამ მოითხოვა, საქმე არ გამოიძიოს იმ განყოფილებამ, სადაც ეს პირი მუშაობს და გამოძიებისთვის სხვა სამმართველოს გადაეცეს.

თავად ლადო ბაჭულაშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ კომპიუტერის გახსნა და დათვალიერება მის კომპეტენციაში არ შედის და შეხება არ ჰქონია.

"ეს არის ყველაფერი სისულელე და მოგონილი. მე არაფერი მაგდაგვარი არ მითქვამს. ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ეს სისულელე რატომ უნდა ეთქვა ჭკვიან და ნორმალურ ადამიანს, რომ თქვენი შვილი "შარშია". კონტაქტი მე გარდაცვლილის დედასთანაც მქონდა და ყველასთანაც, იმიტომ რომ ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა", – ამბობს ბაჭულაშვილი.

ლადო ბაჭულაშვილი უკვე იმყოფებოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. გამოკითხვის შემდეგ მან თქვა, რომ კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია.

„დაბარებული ვიყავი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ვითომ მე მითქვამს რაღაც. მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ. კომპიუტერთან მე არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შეხვედრა მქონდა, პლუს სატელეფონი კავშირი მქონდა, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, თუ იყო როდესმე წასული. ჩემი მხრიდან იყო გამოკითხვა, ასეთი რამე ჩემგან არ თქმულა, არც აქციის მაგვარი, არც ის, თითქოსდა თქვენი შვილი შარშია – როგორ ვეტყოდი, მე კომპიუტერთან საერთოდ არ მქონდა შეხება“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახმა კარგად იცოდა, რომ დღე და ღამეს ათენებდნენ თამარ ბაჩალიაშვილის მოსაძებნად.

„მე მათ ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური იყო ჩართული. როცა გავიგე, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, წავედი რუსთავში, თუმცა იქ აღარ დამხვდა. მე არავის არ ვემალები“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ასევე ნახეთ: ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ოჯახს გაჩუმებას სთხოვდნენ