ინტოქსიკაციის სიმპტომების გამო გორში 170-მდე მოსწავლე სკოლაში არ მივიდა

გორში, კომბინატის დასახლებაში მე-7 და მე-10 საჯარო სკოლებში გაკვეთილებს დღეს 169 მოსწავლე არ ესწრება. მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ.

დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანაში" დღეის მდგომარეობით 26 პაციენტი მკურნალობს, 29 პირს კი მედიკოსებმა გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და სახლში გაეწერნენ.

ბოლო 24 საათში, გორის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებმა 53-მა პირმა, ინტოქსიკაციის სიმპტომებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

წინა დღეებში ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამის პასუხად აცხადებდნენ, რომ სასმელი წყლის მასიურ დაბინძურების ფაქტს ადგილი არა აქვს.