Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივი ინტოქსიკაცია გორში


ფოტოარქივი. 2007 წ.
ფოტოარქივი. 2007 წ.

რომან როსტომაშვილის შვილიშვილი წუხელ შეუძლოდ შეიქნა. პირღებინება, სიცხე და სხვა კლინიკური ნიშნები იმაზე მიუთითებდა, რომ ბავშვი მოწამლული იყო. ცოტა ხანში შეიტყო, რომ მოწამლული იყო მეზობლის ბავშვიც.

გორში, კომბინატის დასახლებაში, დილიდანვე მაღაზიებთან ხალხის რიგები გაჩნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო წყლის შეძენა. ამის მიზეზი კი წყლით მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ბოლო ორ დღეში ამ დასახლებიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებს ბევრმა ადამიანმა მიმართა.

გასული ორი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” ინტოქსიკაციის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს, - ამის შესახებ „იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განაცხადა.

ლია ლაზარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას 16 პაციენტი გადის.

„შაბათ-კვირას კლინიკას 48 პაციენტმა მომართა, აქედან 32 პაციენტი კვირას შემოვიდა კლინიკაში. 16 პაციენტი მოთავსდა პედიატრიულ განყოფილებაში ბაქტერიული გასტროენტერიტით. იმავე დიაგნოზით და გულისრევა-პირღებინებით 23 პაციენტს აღმოვუჩინეთ დახმარება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უკვე გაეწერნენ ბინაზე.

ამ დროისთვის სტაციონარში რჩება 16 პაციენტი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

ამ ტიპის მოწამვლა შეიძლება იყოს საკვებთან ან წყალთან დაკავშირებული, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური სიმპტომები აქვთ მოზარდთა მშობლებსაც, რომლებმაც, როგორც ვიცი, შესაბამის კლინიკებს უკვე მიმართეს”, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს...

საავადმყოფოებს ინტოქსიკაციის ნიშნებით ძირითადად კომბინატის დასახლებიდან აკითხავენ. მოწამვლის შემთხვევებს ისინი სასმელ წყალს უკავშირებენ. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მეშვიდე და მეათე საჯარო სკოლების რამდენიმე ათეული მოსწავლე ამავე კლინიკური ნიშნებით სახლში აგრძელებს მკურნალობას. ეს სკოლები სწორედ კომბინატის დასახლებაშია. კომბინატის დასახლება კი სასმელ წყალს ვარიანის სათავე ნაგებობიდან იღებს. ინტოქსიკაციის ნიშნებით მოქალაქეები ვარიანშიც თავს შეუძლოდ გრძნობენ. მოწამვლის შესახებ ქალაქის სხვა უბნების მცხოვრებლებიც ავრცელებენ ინფორმაციას.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი აცხადებს, რომ სათავე ნაგებობა კარგად არის დაცული და მისი დაბინძურება შეუძლებელია, თუმცა სპეციალისტები ქალაქის სხვადასხვა უბნიდან წყლის სინჯებს ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე იღებენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი მთლიანად დაბინძურებული არ არის. კომპანიის გორის სერვისცენტრმა კომბინატის დასახლებაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განაგრძობს წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან, რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან.

გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა“, - ნათქვამია წყალომომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში მიმართვიანობა კიდევ მოიმატებს, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი პაციენტების მისაღებად.

როგორც ცნობილია, კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით შეყვანილი ყველა არასრულწლოვანი კომბინატის დასახლების ტერიტორიის მცხოვრებია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა გახდა სავარაუდო მოწამვლის მიზეზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG