თელავში აქტივისტებმა მეორე კარავი გაშალეს

თელავის თეატრის წინ, სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა დიდი ზომის კარავი გაშალეს.

თეატრის წინ მანამდე ერთი კარავი უკვე იდგა. პირველი კარავი თბილისიდან თელავში ჩასულმა ორმა სამოქალაქო აქტივისტმა ექვსი დღის წინ გაშალა. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს სამი დღეა შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად.

ასევე ნახეთ თელავის თეატრთან კარავი დადგეს - ორი აქტივისტი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

ამ წუთებში თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარვებთან აქციის 50-მდე მონაწილე იმყოფება, ისინი ადგილზე დარჩენას აპირებენ მთელი ღამის განმავლობაში.

მთავრობის მიერ გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო 28 ნოემბრიდან საქართველოს 8 ქალაქში, მათ შორის, თელავში 21 საათიდან „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.