ნიკა მელია - მეორე ბრძოლა თბილისის მერობისთვის

ნიკა მელია

პოლიტიკაში ყოფნის თითქმის რვა წლის განმავლობაში, ნიკა მელია მეორედ იბრძვის თბილისის მერობისათვის.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან ერთად მისი მთავარი კონკურენტები არიან თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია.

კომპანია „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებით, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, გადამწყვეტი ბრძოლა, სავარაუდოდ, სწორედ ამ სამ პოლიტიკოსს შორის გაიმართება. გამოკითხვის მაჩვენებლებით, კახა კალაძეს ჰქონდა ხმათა წინასწარი - 43%; ნიკა მელიას - 30%; გიორგი გახარიას კი - 12%.

41 წლის ნიკა მელიამ, დღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ - ამ პოსტზე 2020 წლის დეკემბერში, გრიგოლ ვაშაძე შეცვალა.

მელია აქტიურ პოლიტიკაში 2014 წელს გამოჩნდა. მანამდე ის საჯარო მოხელე იყო.

ბიოგრაფია მოკლედ:

ნიკა მელია 1979 წლის 21 დეკემბერს, თბილისში დაიბადა, ექიმების, ანზორ მელიასა (ის დღეს ზუგდიდის მერობისთვის იბრძვის) და ნანა ცანავას ოჯახში.

  • 1996 წელს მელიამ დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.
  • 2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
  • 2002-2003 წლებში იგი იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი.
  • 2006 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი.
  • 2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად.
  • 2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნულ აღსრულების ბიუროში უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი.
  • 2010 წელს იგი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
  • 2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ;
  • 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი.
  • 2014 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი.
  • 2015 წლიდან ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდება.

ნიკა მელია არის საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

მაშინ, 2014 წელს, გულმა მომცა იმპულსი, ეს ის ბრძოლაა, სადაც უნდა იყო და წინ იაროო“, - ამბობს ნიკა მელია 2020 წლის დეკემბერში რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში.

2014 წელს თბილისის მერის არჩევნები დავით ნარმანიამ მოიგო.

ნიკა მელიამ კი დაიწყო აქტიური პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.

მერე იყო 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ნიკა მელია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიის პირველ ათეულში, მეოთხე ნომრად დაასახელა. სწორედ მაშინ გახდა იგი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.

არჩევნები მაშინაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

2017 წელს რამდენიმეთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო. პარტია 59-მა წევრმა დატოვა. წასულებმა პოლიტიკური საქმიანობა „ევროპულ საქართველოში” გააგრძელეს. მელია „ნაციონალებში“ დარჩა.

ასევე ნახეთ ყოფილი „ნაციონალების“ ახალი ნათლობა

ნიკა მელია ისევ აქტიურად მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს - საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენით დაიწყო და თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

ასევე ნახეთ ნიკა მელია: 10 წუთში პარლამენტში შევალთ

20-21 ივნისის ღამით ნიკა მელიას ნათქვამი ფრაზა:

„10 წუთში პარლამენტში მშვიდობიანად შევალთ - ბევრჯერ გაუხსენეს.

მანამდე მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს.

„ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხნო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება, პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანი, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

პროკურატურამ 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდების ბრალდებით ნიკა მელიას დაპატიმრება მოითხოვა. ბრალდება ასეთი იყო: „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან - 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

შემდეგ იყო 26 ივნისის ცნობილი სხდომა და პარლამენტში მარტო, თანაგუნდელების გარეშე მისული მელია, რომელიც მარტო იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატების პირისპირ - ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ასევე ნახეთ ნიკა მელიამ დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა

„მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თანაც სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, - უთხრა მელიამ მაშინ დეპუტატებს.

ნიკა მელიას დეპუტატობის იმუნიტეტი შეუჩერდა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წარდგენილი ბრალდებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა - მას გადაადგილება მხოლოდ ელექტრონული სამაჯურით შეეძლო. მელიას ასევე არ შეეძლო თავისუფლად გადაადგილება პროკურატურისთვის შეტყობინების გარეშე. ეს შეზღუდვა მან არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ტელეეთერში მისვლით.

მე მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ეს სამაჯური ნიკა მელიამ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საქვეყნოდ მოიხსნა და ხალხში მოისროლა.

აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია“, - თქვა მან.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნიკა მელია მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გლდანში იბრძოდა. სწორედ ამ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა გაერთიანებული ოპოზიცია.

ამ საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან ფეხით მსვლელობით ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა:

ამ შენობას ხალხი დაუწესებს კომენდანტის საათს. არავინ შევა და არავინ გამოვა. რადგან ამ შენობაში მუშაობის უფლება არავის არ აქვს“, - აცხადებდა ნიკა მელია, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.

იმ ღამით ცესკოსთან შეკრებილი მანიფესტანტები სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლით დაშალეს.

ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია, რამდენიმე გამონაკლისი პოლიტიკოსის გარდა, პარლამენტში არ შევიდა. ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით დაიწყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებები, რომლებსაც დიდხანს არ მოჰყოლია შედეგი.

2020 წლის დეკემბერში ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე გახდა.

ამ პოსტზე მის ოფიციალურ დამტკიცებამდე, პარტიაში ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარეს. ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) ნიკა მელია მიიღო. თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ კი - 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

2020 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს - ჯერ გასაფრთხილებლად.

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

მაგრამ მერე იყო სასამართლო, მელიას პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 23 თებერვალს ის სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ის მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია დააკავა

2020 წლის 1 ნოემბერს, როცა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. სასამართლომ გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე მისცა.

16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა და ამით საქალაქო სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, მისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ მოულოდნელად საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით კი, საპოლიციო ძალებმა გადაწყვეტილება შეასრულეს და მელია დაიჭირეს.

ოპოზიციის ლიდერის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა.

საპროტესტო აქცია-მსვლელობების და მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ, ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გადაიხადა. ეს იყო შედეგი 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული ურთიერთგაგებისა.

მელია ციხიდან გათავისუფლდა.

ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა:

მე შემოვედი ამ დარბაზში დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება“.

მალევე ამ ამბების შემდეგ, ნიკა მელიამ პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვა და განაცხადა, რომ ის მთლიანად ერთვებოდა წინასაარჩევნო კამპანიაში და „ოქტომბრის რეფერენდუმის“, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ბრძოლაში.

2021 წელს ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ისევ თბილისის მერობისთვის იბრძვის.