Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმმა ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია დააკავა


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცდანიშნულების რაზმს გაჰყავს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან.

ნიკა მელიას სამუშაო ოთახის კარი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ შეტეხეს. ოთახში მყოფთა წინააღმდეგ გაუშვეს წიწაკის გაზი.

აქტივისტები ცდილობდნენ, არ შეეშვათ სამართალდამცავები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. სპეცდანიშნულების რაზმები შენობაში სახანძრო კიბის გამოყენებით, სხვენიდან შევიდნენ.

დაკავებული ნიკა მელია დაჯავშნილი მანქანით გაიყვანეს პარტიის ოფისის ტერიტორიიდან.

საპოლიციო ძალები დილით, დაახლოებით 7:30 საათისთვის მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებას აღასრულებდა ნიკა მელიასთვის 17 წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე გირაოს გადაუხდელობის გამო.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.

ღარიბაშვილის დანიშვნას წინ უძღოდა 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა, რომელმაც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა კვლავ მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

მასალა განახლებულია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG