ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატებზე: ეს ხალხი არ იმსახურებს უვადოდ გამწესებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტს მიმართა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრისას აღიარონ, რომ „ეს ხალხი არ იმსახურებს გამწესებული იყვნენ უვადოდ უზენაეს სასამართლოში“.

დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იოსელიანმა თქვა, რომ გასულ კვირაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენამ ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია:

„ეს იმედგაცრუება არ არის მარტო ჩვენში. ჩვენ ვნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომლებიც ასევე იმედგაცრუებულები არიან ზოგადად ამ პროცესით. მაგრამ, ერთი წუთით რომ პროცესს თავი დავანებოთ, ჩვენ ვნახეთ კანდიდატები, რომლებმაც ელემენტარულად ვერ გაართვეს თავი არა მარტო პროფესიულ ნაწილში კითხვებს, არამედ კეთილსინდისიერების ნაწილშიც“.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო განცხადებას აქვეყნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ

ლევან იოსელიანის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენისას ერთ-ერთმა კანდიდატმა(გენადი მაკარიძე) თქვა, რომ 28 წლამდე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მერე დაიწყო სასამართლოში ჯერ დარაჯად და შემდეგ კურიერად მუშაობა და სულ მოკლე ხანში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა. როგორც იოსელიანმა თქვა, პრობლემაა არა სოფლის მეურნეობაში მუშაობა, არამედ ის, რომ ყველაფერი ეს იმდენ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ კანდიდატი საერთოდ არ უნდა განხილულიყო.

ლევან იოსელიანმა მაგალითად მოიყვანა მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი(ნინო სანდოძე), რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა „თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულ გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას, მათი 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ციხეში უკანონოდ იყვნენ და 2012 წლის შემდეგ ისინი სასამართლომ გაამართლა.

"ეს მოსამართლე არის დღეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული და პრეტენზია აქვს, რომ უნდა იყოს უზენაესში მაინც და მაინც... დაილია იურისტები, რომ ასეთი წარსულის მოსამართლეები არ იყოს გამოგზავნილი პარლამენტში?!“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა, თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა სასამართლოზე და მხოლოდ ის თქვეს, რომ პირადად მათზე ზეწოლა არ ყოფილა და ზოგადად, სისტემაში რა ხდებოდა, არ იციან:

„ბოდიში, მაგრამ, თუ ესე ყველაფერი კარგად იყო მაშინ, საერთოდ რატომ ვაკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ სასამართლოს და ზურა ადეიშვილის სასამართლოს? მაშინ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებზე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა და არც სცოდნიათ, რომ სასამართლოში რაღაც პრობლემები არსებობდა".

როგორც იოსელიანმა თქვა, ყველაფერი აღიარებით იწყება და პარლამენტმა უნდა აღიაროს, რომ იმ დროს, იმ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ისეთი გადაცდომები, რომ არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში გამწესებას.

ასევე ნახეთ ანა ნაცვლიშვილი გენადი მაკარიძეს: თქვენ მონაწილეობთ არალეგიტიმურ პროცესში

გასულ კვირაში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ ასარჩევ 4 კანდიდატს: გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს. პარლამენტის სხდომაზე კანდიდატურების კენჭისყრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.