"ჯორჯიან ეარვეისი" 150 მილიონ დოლარად იყიდება

"ჯორჯიან ეარვეისის" ხომალდი Embraer ERJ-190AR

"ჯორჯიან ეარვეისის", ყოფილი აირზენას გაყიდვის შეთავაზება გამოქვეყნებულია ავიაკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას კომპანიის, Georgian Business Brokerage-ის ვებსაიტზე. იმისათვის, რომ "ჯორჯიან ეარვეისმა" ქართული კომპანიის სტატუსი შეინარჩუნოს უცხოელი ინვესტორი შეიძლება მხოლოდ მის 49 პროცენტს ფლობდეს.

ამჟამად, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის 31 დეკემბრიდან რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს. ეს არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესი, როდესაც კომპანია კრედიტორების დავალიანების გასტუმრებას ცდილობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ "ჯორჯიან ეარვეისს" დაუგროვდა 176 მილიონი ლარის დავალიანება (დღევანდელი კურსით 57 მილიონი აშშ დოლარი). დოკუმენტაციის მიხედვით ავიაკომპანიას გასასტუმრებელი აქვს 16 ათასამდე მგზავრისა და 70-მდე კომპანიის ვალდებულება.

კომპანიის წარმომადგენელთა აზრით "ჯორჯიან ეარვეისს" შეუძლია მომგებიანი ავიამიმართულებებიდან (ამსტერდამი, თელავივი, მინსკი) ერთი წლის მანძილზე მიიღოს 7,3 მილიონი აშშ დოლარის ოპერატიული და ასევე ჩარტერული რეისებიდან 1,2 მილიონი დოლარის მოგება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს თანხები მოვალეს საშუალებას მისცემს კრედიტორებიც დააკმაყოფილოს და თავადაც გადარჩეს. ამჟამად ავიაკომპანიის აქტივების რაოდენობა დაახლოებით 21 მილიონი აშშ დოლარის ფარგლბშია.

კომპანიის ხელმძღვანელები ფინანსური სირთულეების ძირითად მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ. თუმცა "ჯორჯიან ეარვეისს" არც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე და შესაბამისი რეგულაციების დაწესებამდე ჰქონდა მარტივი ფინანსური მდგომარეობა. მისი დავალიანება დასახელდა 2019 წლის ზაფხულში, მოსკოვის მხრიდან ავიამიმოსვლის აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად.

ასევე ნახეთ რუსეთი აცხადებს, რომ მის მიმართ ქართული ავიაკომპანიების დავალიანებამ მილიონ დოლარს მიაღწია

"ჯორჯიან ეარვეისს" ფინანსური პრობლემების გამო დავა ჰქონდა თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ჯორჯიასთან" და საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საქმიანობასაც აკრიტიკებდა.

ასევე ნახეთ ბრძოლა ცისთვის: „ჯორჯიან ეარვეისი" "ტავ ჯორჯიას" წინააღმდეგ

პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის გაზაფხულიდან, როდესაც საქართველოს საზღვრები და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა, "ჯორჯიან ეარვეისი" თვეების მანძილზე იყო თითქმის ერთადერთი კომპანია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ფრენის უფლება დაუტოვა. მიუხედავად მონოპოლიური მდგომარეობისა ავიაკომპანიამ ვერ შეძლო ფინანსური პრობლემების დაძლევა.

"ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და მისი წილის 80 პროცენტს ფლობს ბიზნესმენი დავით გაიაშვილი, 20 პროცენტიანი წილი კი შპს "ჯორჯიან ეარ სერვისს" ეკუთვნის, რომლის 90 პროცენტიანი წილის მფლობელია ეთერ გაიაშვილი. 2021 წლის ოქტომბრიდან ავიაკომპანიის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დავით გაიაშვილი. მანამდე, კომპანიას 2 წლის მანძილზე რომან ბოკერია ხელმძღვანელობდა.