ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში "შავ სიებზე" საუბარი აბსურდია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ტელევიზიაში "შავი სიების" არსებობის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია აბსურდია. ამის შესახებ მან შესარჩევ კონკურსში გასაუბრების დროს თქვა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

"ეს არ არის რთული კითხვა, ბოლო რამდენჯერმე გაისმა ეს საკითხი, ეს არის აბსურდი. ვინც იცის ტელევიზიის მუშაობის პრინციპი და ამ ტელევიზიის სტრუქტურა, ეს არის სრულიად გამორიცხული, ვინმეს უნდა, თუ არ უნდა. ამ ტელევიზიაში მუშაობს 1200-მდე ადამიანი, არის უამრავი მიმართულება, გადაცემა და ყოველდღე მოდის რამდენიმე ათეული სტუმარი. მუშაობს რამდენიმე ათეული პროდიუსერი - აქ ლაპარაკი "შავ სიებზე" უცებ...

რა უნდა იქნას განხილული ყოველგვარი საბუთის გარეშე? მე შემიძლია განვიხილო, აი, ჩემ წინაშე დევს ბოთლი და წყალი, რაც არ დევს, მე შეუძლებელია განვიხილო, თუმცა, რასაც მე ვუყურებ, თუ იქნება რამე წარმოდგენილი, ნებისმიერი რამ, ამას ისედაც განვიხილავ და მთელი საზოგადოება ჩაერთვება. რაც არ არის, იმას ვერ განვიხილავ", - თქვა მაღლაფერიძემ.

ასევე ნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ ყოფილ დირექტორს სამეურვეო საბჭოში შესვლა სურს

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა. მის CV-ში ეს მონაცემები არ არის შეტანილი.

მაღლაფერიძეს მრავალფეროვანი ჟურნალისტური და მენეჯერული კარიერა აქვს, მათ შორის, ბოლო წლებში იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ოჯახის ტელევიზიებში წამყვან თანამდებობებზე. ამ ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ აირჩიეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე საუბარი არხის თანამშრომლებმა თებერვალში დაიწყეს. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

ასევე ნახეთ იმედა დარსალია ასახელებს რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, "შავ სიაში" იყვნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 12-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან თითო-თითო კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან საპარლამენტო უმრავლესობა ("ქართული ოცნება"), საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი პარტიები და სახალხო დამცველი.