ვასილ მაღლაფერიძე თავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ახალ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია, ამავე სტრუქტურის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქმიანობას განიხილავს. ამის შესახებ მან გასაუბრებაზე საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა.

გიორგი იმედაშვილმა ვასილ მაღლაფერიძეს ჰკითხა: "მე ვეცადე ისეთი კითხვები ამერჩია, რომელიც საზოგადოებას აქვს რამდენიმე დღის მანძილზე, რაც გამოცხადდა, რომ თქვენ ერთ-ერთი კანდიდატი იქნებით... მე ვფიქრობ, მათი რეფლექსია თქვენს პასუხზე მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილებისთვის. პირველი კითხვა მოკლეა, თქვენ აპრილის დასაწყისში განიხილავთ თავს, ფიქრობთ, რომ გინდათ თავმჯდომარეობა ამ ორგანოსი?"

კანდიდატის პასუხი ერთსიტყვიანი იყო: "განვიხილავ!"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე 1 აპრილს უნდა აერჩიათ, თუმცა ვერ აირჩიეს. ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

"საერთოდ მე დღეს მოსვლას არ ვგეგმავდი, ბორდის სრული შემადგენლობის ოთხი წევრის არგამოცხადება, ცოტა არ იყოს არასერიოზულია და ამას ჰქონდა ადგილი წინა სხდომაზე. დღეს არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მივიღებ, მაგრამ ლუსტრაციისთვის ეს აუცილებელი მგონია", - თქვა ბესო ლილუაშვილმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა 1 აპრილს გამართულ სხდომაზე.

ასევე ნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ ყოფილ დირექტორს სამეურვეო საბჭოში შესვლა სურს

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა. მის CV-ში ეს მონაცემები არ არის შეტანილი.

ასევე ნახეთ ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში "შავ სიებზე" საუბარი აბსურდია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 12-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან თითო-თითო კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან საპარლამენტო უმრავლესობა ("ქართული ოცნება"), საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი პარტიები და სახალხო დამცველი.