რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და სხვა მაღალჩინოსნებს რუსეთში შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის "მტრული" პოზიციის გამო უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ასევე აკრძალული აქვთ შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს და 10 სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსს - ძირითადად კაბინეტის წევრებს.

მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ.

"ბრიტანეთის ხელისუფლების რუსოფობიური კურსი, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივება, ორმხრივი კავშირების შეწყვეტა თითქმის ყველა სფეროში, საზიანოა თავად ბრიტანეთის მცხოვრებთა კეთილდღეობისა და ინტერესებისთვის. ნებისმიერი სანქციების შეტევა აუცილებლად მოხდება მათ ინიციატორებზე და მიიღებს გადამწყვეტ პასუხს", - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარტში მოსკოვმა მსგავსი აკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართ დააწესა.

რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებმა გამოაცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, რომლებიც მოიცავდა ფინანსურ ზომებს, რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად და იმ მაღალი თანამდებობის პირების შესაზღუდად, რომლებმაც სარგებელი მიიღეს პუტინის რეჟიმის პირობებში.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი: რუსეთი ახლა ყველასგან განკვეთილი სახელმწიფოა

თავის მხრივ, რუსეთი აპირებს მომავალშიც გაზარდოს იმ მაღალჩინოსნების სია, რომელთაც აეკრძალებათ რუსეთში შესვლა.

"უახლოეს მომავალში ეს სია გაფართოვდება და მოიცავს ბრიტანელ პოლიტიკოსებსა და პარლამენტარებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანტირუსული ისტერიის გაღვივებას, უბიძგებენ „კოლექტიურ დასავლეთს“ გამოიყენოს მუქარის ენა მოსკოვთან დიალოგში და ურცხვად წაახალისონ კიევის ნეონაცისტური რეჟიმი", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.