გაეროს გენერალური ასამბლეის 7 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთს მონაწილეობა შეუჩერდა ამ ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაფასა.
ბაიდენი მიესალმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის "გაძევებას". „საერთაშორისო საზოგადოების ამ მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა აჩვენა, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო განკვეთილად აქცია“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.
„აშშ და მსოფლიოში ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ამ შედეგისთვის მუშაობდნენ, ვინაიდან რუსეთი გამუდმებით და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, დღევანდელი (7 აპრილის.ავტ) ისტორიული კენჭისყრის შემდეგ რუსეთი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში და ვერ შეძლებს იქ თავისი დეზინფორმაციის გავრცელებას, სადაც კომისია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებს იკვლევს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში იმ სისასტიკეს გამოეხმაურა, რომელთან კავშირშიც რუსეთს ამხელენ და თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას, რათა რუსეთი მაქსიმალურად იზოლირდეს საერთაშორისო არეალიდან.
„შემზარავია სურათები, რომლებსაც ბუჩიდან და უკრაინის სხვა რაიონებიდან ვხედავთ. ადამიანების გაუპატიურების, წამების, სიკვდილით დასჯის ნიშნები კაცობრიობის აღშფოთებას იწვევს. რუსეთის ტყუილი არ ემთხვევა უდავო მტკიცებულებას იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ჯო ბაიდენის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მტკიცებულებების შეგროვებაზე იმუშავებენ.
უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის ნამოქმედარის საპასუხოდ, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. რუსეთი უარყოფს ყველა ბრალდებას. საერთაშორისო მედია აქვეყნებს ახალ სამხილებს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა- ჟლეტასთან რუსი სამხედროების კავშირის შესახებ.
7 აპრილს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს.
6 აპრილს კი აშშ-ის სენატმა ასევე ერთხმად მიიღო კანონი (ლენდ-ლიზის კანონი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, უფრო ეფექტურად მიაწოდოს იარაღი და სხვა მარაგი უკრაინას რუსეთისგან მომდინარე აგრესიასთან გასამკლავებლად.
ლენდ-ლიზის კანონმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ვინაიდან ამერიკას შეეძლო ჰიტლერის წინააღმდეგ ომში ჩართული ქვეყნებისთვის მიეწოდებინა შეიარაღება, სამშენებლო მასალები, საკვები და სხვა, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ლენდ-ლიზის კანონს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუზველტმა 1941 წელს მოაწერა ხელი. კანონის ფარგლებში დახმარების პირველი პაკეტი დიდ ბრიტანეთს გაეგზავნა. კანონი მრავალწლიანი ლიზინგის საფუძველზე ამერიკის მხრიდან დახმარების გაწევას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც კონკრეტულ მომენტში საჭირო შეიარაღების ან სხვა მასალის შეძენის ფინანსური საშუალება არ აქვთ.
კანონის ამოქმედება ამერიკის მიერ ყოველთვის აღიქმება მისი მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულებად.
დაწერეთ კომენტარი