„ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს“, „ეკოლოგია უალტერნატივოა“, „ღირსეული შრომისთვის“ - ამ შინაარსის ტრანფარანტებით გამართა აქცია ქუთაისში ნიკეას, სულხან – საბა ორბელიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებთა ნაწილმა მეტალურგიულ ქარხნასთან. ისინი საწარმოო პროცესის შეჩერებას და საკვამურზე ფილტრების დაყენებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს ეკეთათ პირბადეები წარწერით „გავიგუდეთ!“
ქარხანასთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, საწარმოს საკვამურიდან ამოსული შავი ბოლი გაუსაძლის პირობებს უქმნით, ჰაერის დაბინძურებაზე კი მეტყველებს საშინელი სუნი, რომელიც განსაკუთრებით იმატებს ღამის საათებში.
„ღამე ხშირად მეღვიება ყელის ტკივილით, რასაც გამონაბოლქვი და მისი საშინელი სუნი იწვევს, ჩვენ არ ვიცით რა ნივთიერებების სუნია, მხოლოდ იმას ვხედავთ რომ მთელი ღამე შავი კვამლი ამოდის ქარხნიდან და ირგვლივ იფანტება“, –ამბობს სულხან-საბა ორბელიანის გამზირზე მცხოვრები ლალი შენგელია.
„ჩემს შვილს ალერგია აქვს და ექიმმა მითხრა, რომ მსგავსი ჩივილებით ყველაზე მეტი პაციენტი ჩვენი დასახლებებიდან ჰყავს, აქ მეგუდება და იხრჩობა უკვე თვეებია ჩემი შვილი და როგორც კი გავუშვებ სოფელში, ბავშვს ალერგიის წამლები აღარ სჭირდება“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სულხან საბას გამზირზე მცხოვრებმა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ფიქრია ჩიკვაიძემ.
აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია აქტიურად ავრცელებენ სოციალურ ქსელებში დაკვამლიანების ფოტოებსა და ვიდეოებს, რაც ასახავს როგორც ქარხნის გარე პარიმეტრზე არსებულ მდგომარეობას, ასევე მის შიგნით მიმდინარე სამუშაო პროცესს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ ფოტოებს იქ დასაქმებული ადამიანები აწვდიან. ამ მასალების საფუძველზე მოსახლეობამ გარემოს დაცვის ინსპექციასაც მიმართა. საწარმო ინსპექციამ შეამოწმა, მაგრამ დასკვნა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა.
„როდესაც დავრეკეთ ამბის გასაგებად, თუ რა დარღვევები აღმოაჩინეს ინსპექტორებმა, გვიპასუხეს, რომ დასკვნისთვის რამდენიმე დღე სჭირდებათ, წინასწარი დაკვირვებით კი იქ საწარმო პროცესთან განსაკუთრებული შეუსაბამობა ვერ აღმოაჩინეს. ეს პასუხი იწვევს ეჭვს, რომ დასკვნაც იქნება ლოიალური. ჩვენ საწარმოში დასაქმებულებმა მოგვაწოდეს ვიდეოკადრები, რომლებიც გავასაჯაროვეთ კიდეც და მათში კარგად ჩანს თუ როგორ ირღვევა საწარმოო პროცესი, რადგან გაურკვეველი მასალები იწვება და ცეცხლი ღუმელის ნაცვლად ანთია საწარმოს ისეთ ადგილზე, საიდანაც შავი კვამლი პირდაპირ ჰაერში იფრქვევა. საწარმოს არ აქვს სავენტილაციო სისტემა და ფილტრები და ვითხოვთ მათ დამონტაჟებამდე შეწყდეს მუშაობა“, – ამბობს აქციის მონაწილე ანა კაკავა.
გარემოს დაბინძურებით უკმაყოფილო მოსახლეობამ აქციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და განცხადებით მიმართა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ოთარ შამუგიას. ისინი მინისტრს საწარმოდან მავნე გამონაბოლქვის მიზეზის გარკვევას სთხოვენ. აქციის მონაწილეებმა ამავე მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და მაჟორიტარ დეპუტატსაც საკრებულოში, მამუკა რიჟამაძეს.
რიჟამაძე ამტკიცებს, რომ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები, რომლებიც ქარხნის მიმდებარედ ჰაერში მავნე ნივთიერებების დასაშვებზე მეტის არსებობას გამორიცხავს.
„რამდენიმე დასკვნა არსებობს, რომელთა მიხედვით, ჰაერში ტყვიის შემცველობა, რაზეც მოსახლეობას ეჭვი აქვს, ნორმის ფარგლებშია. სამწუხაროდ ჩვენ დამოკიდებული ვართ დასკვნებზე, მივმართეთ საწარმოს ადმინისტრაციასაც და საქმის კურსშია როგორც ქალაქის მერი, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ისევ დასკვნებს ველოდებით რეაგირებისთვის“ , – უთხრა რადიო თავისუფლებას საკრებულოს დეპუტატმა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე, თვლის რომ ქარხნის მუშაობის შეწყვეტის საფუძველი უკვე სამი წელია არსებობს, რადგან იგი შრომის ნორმების დარღვევისთვის რამდენჯერმე დაჯარიმდა.
ასევე ნახეთ ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა სიტყვიერი დაპირება მიიღესდღეს გამართული აქცია არ არის პირველი, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს მეტალურგიული ქარხნის მუშაობის გამო. პერიოდულად აქ დასაქმებული ადამიანები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მოსახლეობა კი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. 2021 წლის სექტემბერში საწარმო დააჯარიმა - მაშინ ქარხნის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სავენტილაციო სისტემა მოძველებული იყო და მას უახლოეს მომავალში გამოცვლიდნენ.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა, რომელიც ჯართის გადამუშავებით არმატურას აწარმოებს, 2009 წელს შეიქმნა და მას 2019 წლიდან ინდური კომანია „ამბიკონ სტილსი“ მართავს. , მანამდე, 2013-2019 წლებში ქარხანას წარმოება ჰქონდა შეჩერებული. ქარხანაში ამ დროის მონაცემებით, საქართველოს 200-მდე და ინდოეთის 60-მდე მოქალაქე მუშაობს.