რუსი ჟურნალისტი და ქველმოქმედი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს

ჟურნალსიტი, ქველმოქმედი დმიტრი ალეშკოვსკი

საქართველოში არ შემოუშვეს დმიტრი ალეშკოვსკი, რუსი ჟურნალისტი და ქველმოქმედი. ამის შესახებ იუწყება მისი დედა, ისტორიკოსი ტამარა ეიდელმანი. მისი თქმით, დმიტრი ალეშკოვსკი ცხოვრობს თბილისში, სადაც მას ცოლი და ქალიშვილი ელოდებიან.

დედასთან ერთად ალეშკოვსკი ორი დღით ერევანში გაემგზავრა, სადაც ისტორიკოსი ლექციას მართავდა. საქართველოში კი აღარ შემოუშვეს და ერევნის რეისით გააბრუნეს.

„გამაოგნებელია, რომ ეს სამარცხვინო მოქმედება ხდებოდა აეროპორტში, სადაც ანათებს უზარმაზარი ელექტრონული წარწერა: Be brave like Ukraine”. მისი თქმით, სწორედ, ასე ელაქუცებიან პუტინს, რომელმაც მიიტაცა ტერიტორიის ნაწილი.

„ცოტა ადამიანი ვიცი, რომელსაც ისე უყვარს საქართველო, როგორც მიტიას“, - წერს აიდენმანი.

ალეშკოვსკი არის საქველმოქმედო ფონდის («Нужна помощь») თანადამფუძნებელი. მან ასევე დააფუძნა მედიაპორტალი («Такие дела»), რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დმიტრი ალეშკოვსკი შეიყვანა „უცხოური აგენტების“ მედიასაშუალებების სიაში.

საქმიანი მოგზაურობის შემდეგ, ვეღარ ბრუნდება რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, რომელიც თითქმის ერთი წელია თბილისში ცხოვრობს.

ასევე ნახეთ „საქართველო იყო თავშესაფარი“, - რუსი ფოტოჟურნალისტი, რომელიც ქვეყანაში ორჯერ არ შემოუშვეს

ასევე ნახეთ რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო რუსეთის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის, აქტივისტებისა თუ კრიტიკული ჟურნალისტებისთვის თავშესაფრის ადგილად იქცა. ამასთან, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს არაერთ ცნობილ ადამიანს, მათ შორის, „დოჟდის“ მიხაილ ფიშმანსა თუ „მედიაზონის“ ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს.

ამასთანავე, აგვისტოს ბოლოს რუსეთის საკონსულომ ტრაპიზონში განაცხადა, რომ გახშირდა თურქეთიდან მიმავალი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში არშეშვების შემთხვევები.