Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი საქართველოში არ შემოუშვეს


ბლოგერი ალექსეი რომანოვი
ბლოგერი ალექსეი რომანოვი

სომხეთიდან საქართველოში მომავალი რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი სადახლოს გამშვებ პუნქტზე არ შემოუშვეს. როგორც ის სოციალურ ქსელში აცხადებს, მას 6-საათიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის არაერთ საფუძველს მოიცავს, მათ შორის, არის „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები". სწორედ, ეს პუნქტი არის მონიშნული ალექსეი რომანოვისთვის გადაცემულ დოკუმენტში.

ბლოგერის აზრით, საქართველოში მისი არშემოშვების მიზეზი 2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციების შესახებ მისი მომზადებული რეპორტაჟები გახდა.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას და პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ხაბაროვსკელმა ჟურნალისტმა ალექსეი რომანოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. მან რუსეთიდან წასვლა ახსნა მთავრობის ზეწოლით, რომელსაც უკავშირებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინტერნეტ-არხის შექმნას. რომანოვი რუსეთში 2019 წელს დაბრუნდა.

2020 წელს ალექსეი რომანოვი ხაბაროვსკში დააკავეს, რომელიც YouTube-ზე საკუთარი არხით აშუქებს მხარის გუბერნატორ სერგეი ფურგალის დაპატიმრებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს. ბლოგერის დაკავების ამსახველი ვიდეოც YouTube-ით გავრცელდა. ალექსეი რომანოვს ბრალი დასდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში - საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევა.

ანალოგიური მიზეზით სადახლოდან საქართველოში არ შემოუშვეს კომიკოსი რუსეთიდან, გარიკ ოგანისიანი.

ოგანისიანმა ქართველი მესაზღვრეების მიერ გაცემული დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა კანონმდებლობით განსაზღვრული „სხვა მიზეზით“, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე არშემოშვებაზე ყველაზე გავრცელებული პასუხია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG