რუსი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი (2018 წ.) ქსენია სობჩაკი თბილისში ჩამოვიდა. მან ტელეკომპანია "ფორმულას" უთხრა, რომ საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება.
სობჩაკს საქართველოში შემოსვლისას პრობლემა არ შეჰქმნია, როგორც ეს ხშირად ხდება რუსეთიდან ჩამოსული ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების შემთხვევაში.
„მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის (ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი) მიხაილ ფიშმანი. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. არიან ისეთები, რომლებსაც უპრობლემოდ უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - განაცხადა სობჩაკმა.
ზოგიერთი ცნობით, საქართველომ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ. ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ინფორმაციით, დღეში რამდენიმე ათეულ რუსეთის მოქალაქეს საზღვრიდან აბრუნებენ. მათ შორის არიან ოპოზიციონერები და ჟურნალისტები.
ასევე ნახეთ ვისგან არის დაცული საზღვარი - როგორ გავიგოთ ვის არ უშვებენ საქართველოში? - შსს-ის განმარტებები7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ჟურნალისტი და ქველმოქმედი დიმიტრი (მიტია) ალეშკოვსკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოში ცხოვრობდა. მანამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ოპოზიციონერებს ლიუბოვ სობოლს, დიმიტრი გუდკოვს, ჟურნალისტებს ილია აზარს, დევიდ ფრენკელს, მიხაილ ფიშმანს, ვასილი კრესტიანინოვს. Pussy Riot-ის წევრს, ოლგა ბორისოვას მოგვიანებით მიეცა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, აქტივისტი ინსა ლანდერი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს გავლით ლიეტუვაში წასვლა შეძლო.
ამავდროულად, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უკონტროლო შემოდინება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია.