ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჯილდოებაზე

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა. მას ჯილდო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალიკოვიჩმა გადასცა.

დაჯილდოებაზე დათუნაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მომავალში სერბეთისთვის უფრო მეტად იბრძოლებს.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საუკეთესო სპორტსმენი ქვეყანაში, სადაც ჩემპიონები არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელები, კალათბურთელები. მე მიყვარს სერბეთი, მიყვარს ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ!" - თქვა ზურაბ დათუნაშვილმა.

ასევე ნახეთ ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან: პრობლემები, რაც საქართველოში მქონდა, მოტივაციად ვაქციე
ასევე ნახეთ სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, კარიერის სერბეთში გაგრძელების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.