ნიგერში სამხედროების ჯგუფის მიერ ორგანიზებული გადატრიალების მომხრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის ოფისში შეიჭრნენ და დაწვეს. ნიგერის პარლამენტთან - ეროვნულ ასამბლეასთან - 27 ივლისს გამართული აქციის ზოგიერთ მონაწილეს თან ჰქონდა რუსეთის დროშებიც.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ს ჯერჯერობით არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ნიგერში სამხედრო გადატრიალებასთან კავშირი აქვს რუსეთს ან რუსულ კერძო კომპანია „ვაგნერს“, რომელიც აფრიკის ქვეყნებშიც მოქმედებს.
რუსეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ნიგერში კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღდგეს. ამის შესახებ 27 ივლისს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა.
BBC-ს ინფორმაციით, ნიგერის პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ძირს საფრანგეთი!“ და „უცხოეთის ბაზებო წადით!“. ურანით მდიდარ ნიგერში, რომელიც 1960 წლამდე საფრანგეთის კოლონია იყო, იმყოფებიან ფრანგი და ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას ეხმარებიან ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
ასევე ნახეთ
ნიგერში სამხედროების ჯგუფმა განაცხადა, რომ დაამხო პრეზიდენტი ბაზუმი26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლეში ბლოკადაში მოაქციეს ქვეყნის პრეზიდენტად 2021 წელს არჩეული, დასავლეთის მოკავშირე მოჰამედ ბაზუმი.
27 ივლისს სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტი ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, შეაჩერეს კონსტიტუციის მოქმედება, საზღვრები დაკეტეს და კომენდანტის საათი დააწესეს. პუტჩის ორგანიზატორებმა მიზეზად დაასახელეს სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემები.
27 ივლისის მდგომარეობით, მოჰამედ ბაზუმი ისევ პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა. ღამით ნიგერის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო გვარდიას არ დაუპირისპირდებიან სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და არმიაში ერთიანობის შესანარჩუნებლად. ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ ხელმძღვანელობს დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანას.
ნიგერის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა. მათ მოითხოვეს ბაზუმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.