"თიბისი ბანკი": ვიყავით და ვრჩებით სანქციების შესაბამისობაში

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდ კომერციულ ბანკში - "თიბისიში" - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ აპირებენ, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".

პერსონალური მონაცემების დაცვის გამო "თიბისიში" რადიო თავისუფლებას ვერ უთხრეს, მოუწიათ თუ არა საქართველოს რომელიმე მოქალაქისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა.

ასევე ნახეთ ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ - ვის მხარესაა კონსტიტუცია?

"საქართველოს ბანკში", "თიბისი ბანკის" მსგავსად, აცხადებენ, რომ იცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული სანქციების მოთხოვნებს.

ასევე ნახეთ "საქართველოს ბანკი": ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ასევე ნახეთ კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის  ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას
ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს