პუტინმა რუბლის დაცემის ფონზე ზოგიერთ ექსპორტიორს უცხოური ვალუტის გაყიდვა დაავალა

რუსეთის პრეზიდენტის დადგენილების ფონია რუსული რუბლის სწრაფი ვარდნა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცალკეულ რუს ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის სახით მიღებული შემოსავლის გაყიდვას ავალდებულებს. რუსეთის მთავრობის ვებგვერდის თანახმად, ეს გადაწყვეტილება "გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისთვის" მიიღეს.

დადგენილება განსაზღვრავს ასეთი ექსპორტიორების კონკრეტულ ჩამონათვალს. ეს არის ჯგუფი იმ კომპანიებისა, რომლებიც საწვავისა და ენერგეტიკის, შავი და ფერადი მეტალურგიის, ქიმიური, სატყეო მრეწველობისა და მარცვლეულის სფეროებში მოღვაწეობენ.

ექვსი თვის განმავლობაში, სიაში შეტანილმა კომპანიებმა უნდა გაყიდონ სავალუტო მოგება "იმ მოცულობითა და პირობებით", რომლებსაც რუსეთის მინისტრთა კაბინეტი განსაზღვრავს. ზოგიერთ კომპანიაში იმუშავებენ „როსფინმონიტორინგის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები", რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ "ვალუტის რეგულირების" წესების დაცვას.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისა და რუბლის შემდგომი მკვეთრი დაცემის შემდეგ, რუსეთმა ექსპორტიორებისთვის სპეციალური წესები შემოიღო. კომპანიებს აეკრძალათ პირდაპირ უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა, მათ უნდა გაეხსნათ სპეციალური ანგარიში „გაზპრომბანკთან“, რომელიც გაყიდული საქონლისთვის მიიღებდა ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში, გაყიდდა მას რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკში მის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით, ხოლო შესაბამის თანხებს კომპანიებს რუსულ რუბლებში გადაურიცხავდა.

რუსეთის მთავრობის პირველმა ვიცე პრემიერმა ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა, რომ ამ ზომების მთავარი მიზანია "სავალუტო ბაზრის გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის გაზრდის გრძელვადიანი პირობების შექმნა და სავალუტო სპეკულაციის შესაძლებლობის შემცირება".

თებერვალში რუსეთის ხელისუფლებამ ექსპორტიორები დაავალდებულა, ამ გზით გაეყიდათ სავალუტო მოგების 80 პროცენტი. იმავე წლის მაისში სტანდარტი 80-დან 50 პროცენტამდე შემცირდა. შემდეგ ეს მოთხოვნა კვლავ შერბილდა: სავალუტო მოგების გაყიდვა სავალდებულო დარჩა, მაგრამ გაყიდული საბაზრო წილის ოდენობის დადგენა უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიას დაევალა.

რუსეთის პრეზიდენტის დადგენილების ფონია რუსული რუბლის სწრაფი ვარდნა. 9 ოქტომბრის მდგომარეობით, რუბლის გაცვლითი კურსი ერთ დოლართან მიმართებით 102 ერთეულამდე გაიზარდა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ პირველი შემთხვევაა. პუტინის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, 12 ოქტომბრის დილით, 7:01 საათზე (მოსკოვის დროით), დოლარის გაცვლითი კურსი 96,48 რუბლის ნიშნულზე დაფიქსირდა.

ასევე ნახეთ

რუსული რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა ეკონომიკის ზრდაზე პუტინის განცხადების შემდეგ