საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ. მისი სამოქალაქო პანაშვიდი გორის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
გინტურს მშობლიურ სოფელ კირბალში იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დრო გაატარა, ლომისის ეკლესიაზე ასვლამდე და სასიკვდილო ჭრილობის მიღებამდე.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
გივი გინტურმა თქვა ასევე, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.
ასევე ნახეთ
ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთან