ბაიდენი კვლავ შეეცდება კონგრესის დარწმუნებას უკრაინის დახმარების აუცილებლობაში

საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის და უკრაინის დროშები ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში 27 თებერვალს დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაწევა.

ბაიდენი კონგრესის ლიდერებთან განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტა. ამჟამად აშშ-ს აქვს კონგრესის მიერ დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის მოქმედების ვადა 1 მარტიდან ამოიწურება.

პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღის წესრიგშია უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების საკითხებიც.

კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.

სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

ასევე ნახეთ

წარმომადგენელთა პალატას არდადეგები აქვს - გადაიდო უკრაინის მხარდამჭერი პროექტის კენჭისყრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს.

25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა რესპუბლიკელი სენატორის, ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ბრძოლის ველზე რეალობას ვერ შეცვლის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ სენატორს ესმის, რა ხდება უკრაინაში, რადგან ამის გასაგებად ფრონტის ხაზზე უნდა ჩახვიდე, ხალხს დაელაპარაკო და მიხვდები, რომ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანს მოკლავენ.

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.

ასევე ნახეთ

31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ზელენსკიმ პირველად გაამხილა ომში დანაკარგები

2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.