Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ისევ დროებითი ბიუჯეტი აქვს


კონგრესის შენობა ვაშინგტონში
კონგრესის შენობა ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება 18 იანვარს მიიღეს 314 ხმით 108-ის წინააღმდეგ.

მანამდე, 77 ხმით 18-ის წინააღმდეგ, დროებით ბიუჯეტს მხარი დაუჭირა სენატმა, რომლის უმრავლესობაშიც დემოკრატები არიან. შესაბამისად, ახალი ფინანსური წლის დაწყების(1 ოქტომბერი) შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მესამედ აიცილა თავიდან ე.წ. შათდაუნი - სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება.

წინა ანალოგიური კანონპროექტით, რომელიც კონგრესმა 2023 წლის ნოემბერში მიიღო, სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსება გაგრძელდა 2024 წლის 19 იანვრის და ნაწილის - 2 თებერვლის ჩათვლით. კონგრესის ახალი გადაწყვეტილებით, ეს ვადები 1 და 8 მარტამდე გაგრძელდა.

სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ხუთშაბათს, 18 იანვარს, განაცხადა, რომ ამერიკისთვის კარგი ახალი ამბები აქვთ - პარასკევს მთავრობა მუშაობას არ შეაჩერებს.

რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, კონგრესი ჯერჯერობით ვერ ახერხებს 2024 წლის სრულყოფილი ბიუჯეტის მიღებას. რესპუბლიკელები დემოკრატებისგან მოითხოვენ ზოგიერთი სოციალური ხარჯის შემცირებას. ამასთან, კონგრესის ორივე პალატაში შეთანხმებას მიაღწიეს თავდაცვის 886-მილიარდიან ბიუჯეტზე, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG