გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დისკრიმინაციასთან ერთობლიობაში - ყოფილმა მოსამართლემ სტრასბურგში დავა მოიგო

მაია ბაქრაძე

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგეს საქმე “ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც, მათივე განცხადებით, დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულებაზე, არამედ მოსამართლეების დანიშვნისა და დაწინაურების საკითხებზეც.

ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის და შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის მიმართ კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. მათ შორის, მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებისა, კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

"ეს იყო რვაწლიანი ბრძოლა მარტივი ჭეშმარიტებისთვის. მართალია, მე ვერ შევძელი ამ ჭეშმარიტების დამტკიცება ჩემს ქვეყანაში, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევა. მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, რომ იხელმძღვანელონ საკუთარი სინდისით და არ წავიდნენ კომპრომისზე სინდისთან", - განაცხადა მაია ბაქრაძემ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში" ამბობენ, რომ თავის დროზე, “სასამართლოში მოქმედმა კლანმა სწორედ იმის გამო არ დანიშნა მაია ბაქრაძე მოსამართლედ, რომ ის იყო კრიტიკული და არ ექვემდებარებოდა კონიუნქტურას”. და სწორედ ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უდიდესი რეპუტაციული დარტყმაა კლანური სასამართლოსთვის და მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე დანიშვნა/დაწინაურებების პროცესისთვის”, - აცხადებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურო იმნაძე.

სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის 4500 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმეზე “ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ განმცხადებლის პოზიციას, რომ მას “იუსტიციის უზენაესი საბჭო” მოსამართლეების დანიშვნის კონკურსის დროს დისკრიმინაციულად მოექცა და იყო მიკერძოებული მისი შეფასებისას.

მაია ბაქრაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2020 წელს მიმართა - მისი ინტერესების დამცველი “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (მაშინდელი EMC) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში უთითებდა, რომ მაია ბაქრაძე გახდა “განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან, მისი და „მოსამართლეთა ერთობის“ კრიტიკული მოსაზრებების გამო”, რაც წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას, მე-8, მე-10, მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი მოსამართლე სახელმწიფოს წინააღმდეგ - "ეს საქმე არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე"

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტების განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მაია ბაქრაძის გასაუბრების ჩანაწერები ცხადყოფდა, რომ საბჭოს წევრები, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების შეფასების ნაცვლად, დაინტერესებული იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობითა და მაია ბაქრაძის შეხედულებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული განცხადებების თაობაზე.

“მაია ბაქრაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც წლებია მიუთითებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები”, - წერდა 2020 წელს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".

„მოსამართლეთა ერთობა“ 2013 წელს შეიქმნა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად და მისი მიზანი იყო ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების გზით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების გაუმჯობესება.

მაშინ მაია ბაქრაძე და ორგანიზაციის სხვა წევრები საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდნენ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.

2015 წლის 22 სექტემბერს, მაია ბაქრაძე გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, ვადის ამოწურვის გამო. 2015-2016 წლებში მან მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მოსამართლედ მის ხელმეორედ დანიშვნაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მაია ბაქრაძე - "სამწუხაროდ, უმრავლესობა მიისწრაფის, რომ თვითონაც გახდეს კლანური დაჯგუფების ნაწილი"