Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ბაქრაძე: მურუსიძის ადგილზე ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე ჩემს ადგილზე ყოფნა


მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრმა მაია ბაქრაძემ რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვის დაწყების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

გადაცემაში მან აღნიშნა, რომ საქმის აღძვრის საფუძველი გახდა დისკრიმინაცია, რომელშიც იგი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისადმი საჯაროდ გამოხატული თავისი აქტიური პოზიციის გამო აღმოჩნდა. კერძოდ, ათწლიანი სამოსამართლეო პრაქტიკის შემდეგ, მას უარი ეთქვა მოსამართლედ ხელახლა დანიშვნაზე:

„სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდშივე იყო ჩემი მხრიდან გარკვეული აქტივობა სასამართლოს მმართველობის ფორმის, სტილის და მეთოდის წინააღმდეგ. ჩემს ირგვლივ შემდეგ რამდენიმე მოსამართლე გავერთიანდით და შევქმენით მოსამართლეთა ასოციაცია. გვქონდა გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები ... ეს ორგანიზაცია და მათ შორის ჩემი აქტივობაც აღმოჩნდა ძალიან ზედმეტი მათი კომფორტული თანაცხოვრებისთვის“, - განაცხადა მაია ბაქრაძემ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ უფლებამოსილების ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლიდან 2-ჯერ სცადა კონკურსში მონაწილეობის მიღება, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე:

„მთელი ამ პროცესის მიმდინარეობის დროს, რასაც უვადო გადანიშვნები ჰქვია, თვალნათელი და ცხადია, რომ ძირითადად მოსამართლეთა კორპუსი ინიშნება ხელახლა. არ მომხდარა არანაირი განახლება, მოქმედი კადრების დაწუნება და ასე შემდეგ. თუკი ვინმე იქნა დაწუნებული, ასე ვთქვათ, და უარყოფილი ამ კონკურსის შედეგად, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მათგანი არის სწორედ იმ ასოციაციის აქტიური წევრი, რომელიც ჩვენ შევქმენით 2013 წელს. აქედან გამომდინარე, მე ჩავთვალე, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა ჩემი გაერთიანების წევრობის და ჩემი განსხვავებული მოსაზრებების გამო და ეს გახდა ჩემი კონკურსიდან გამოთიშვის, ანუ ჩემთვის უარის თქმის საფუძველი და არა რეალურად ის, რომ მე არ ვაკმაყოფილებდი რაღაც კონკრეტულ საკანონმდებლო მოთხოვნებს“, - აღნიშნა „დღის საუბრებში“ მაია ბაქრაძემ. მისი თქმით, ეს საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ „პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, ოფიციალურად უწევს პასუხის გაცემა სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის არაკეთილსინდისიერ მოქმედებებზე“. უშუალოდ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებზე საუბრისას კი მაია ბაქრაძემ თქვა, რომ უფრო ადვილია იმავე მურუსიძის ადგილზე ყოფნა, ვიდრე მის ადგილზე:

„ძალიან ადვილია მურუსიძის ადგილას ყოფნა. უფრო ადვილია, პრაგმატულად ადვილია, დავუშვათ, ვიდრე ჩემს ადგილას ყოფნა. ეს არის ის, რომ უცხადებ სრულ კაპიტულაციას მოქმედ პოლიტიკურ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს და ამბობ, რომ მართლმსაჯულებას კი არ განვახორციელებ, რაზეც გინდათ, მომიტანეთ და მოვაწერ ხელს. ეს მარტივი როლია, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრო, იაზროვნო და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანო... მე ეს არ შემეძლო და ამიტომ ვერ ავირჩიე ის გზა, რაც აირჩიეს სხვა ჩემმა კოლეგებმა და გადაწყვიტეს, რომ თუნდაც მურუსიძესთან და სხვებთან მოლაპარაკებების გზით შეენარჩუნებინათ პოზიციები“, - განაცხადა მაია ბაქრაძემ „დღის საუბრებში“.

მაია ბაქრაძის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2020 წლის 20 იანვარს წარედგინა. მის უფლებებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ცენტრს სასამართლომ 13 ოქტომბერს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს მიიღო და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში განმარტავენ, სარჩელით დავის საგანია მოსამართლეთა დანიშვნების ის მანკიერი წესი და პრაქტიკა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, თვითნებურად, შიდაკლანური ლოიალურობის და პოლიტიკური მიკერძოების საფუძველზე დანიშნოს ან არ დანიშნოს კანდიდატი მოსამართლედ.

XS
SM
MD
LG