არხის მფლობელებს შორის კვლავ არიან: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, გიორგი ლიფონავა, თუმცა მათი კუთვნილი წილების მოცულობა შეიცვალა. უცვლელია მხოლოდ ააიპ „თავისუფლების ფორმულის“ კუთვნილი წილი.
2025 წლის 11 მარტიდან ტელეკომპანიის წილები ასე ნაწილდება:
- მიშა მშვილდაძე - 38,25%;
- ზუკა გუმბარიძე - 32,25%;
- „თავისუფლების ფორმულა“ - 25%;
- ირაკლი საღინაძე - 2,25%;
- გიორგი ლიფონავა - 2,25%.
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
დავით კეზერაშვილმა „ფორმულის“ წილების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისების სურვილი 7 თებერვალს გამოხატა საჯარო რეესტრში შესული განცხადებით. რეესტრმა საქმისწარმოება შეაჩერა, რადგან სახელმწიფო უწყებამ მიიჩნია, რომ დოკუმენტები არ იყო „კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული“.
ხარვეზის გამოსასწორებლად მას 30-დღიანი ვადა ჰქონდა. რეესტრში დამატებითი დოკუმენტები 6 მარტს წარადგინეს. განახლებული განაცხადით ირკვეოდა, რომ წილებს თმობდა არამხოლოდ დავით კეზერაშვილი, არამედ გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე 10-10 პროცენტს. ორივე მათგანს მანამდე 12,25% ეკუთვნოდათ.
ასევე ნახეთ დავით კეზერაშვილი „ფორმულის“ წილებს თმობს„ფორმულის“ შესახებ
ტელეკომპანია "ფორმულა" მიშა მშვილდაძემ, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ 2019 წლის ივლისში დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. იმავე წლის 3 სექტემბრიდან არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. 2023 წლის აგვისტოში საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას - ააიპ თავისუფლების ფორმულას.
“ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მზად იყო, უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან "ფორმულის" თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.
2024 წლის 9 დეკემბერს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ დასრულდა BBC-სთან სასამართლო დავა, რის შემდეგაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ თავისი პლატფორმებიდან წაშალა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კეზერაშვილს „ქოლცენტრების სქემასთან“ აკავშირებდა.
დავით კეზერაშვილის შესახებ
კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2006-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.
2021 წლის სექტემბერში დავით კეზერაშვილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურა კეზერაშვილს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა. 2012 წლის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის არცერთ მათგანზე არ არის მსჯავრდადებული. კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა მათ შორის „ტელეიმედის“ გასხვისების საქმეზე.
საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.