Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეესტრმა დავით კეზერაშვილს "ფორმულაში" წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა


ფოტოკოლაჟი: ტელეკომპანია "ფორმულის" ლოგო და დავით კეზერაშვილი
ფოტოკოლაჟი: ტელეკომპანია "ფორმულის" ლოგო და დავით კეზერაშვილი

4 აგვისტოდან ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აღარაა - საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51-პროცენტიანი წილიდან 25 პროცენტი გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას - ააიპ "თავისუფლების ფორმულას." 

საჯარო რეესტრი ამ დრომდე უარს ეუბნებოდა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს წილების ცვლილების დარეგისტრირებაზე - აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. თუმცა, როგორც ირკვევა, ახლა ეს მოცემულობა შეცვლილია.

27 ივლისს საჯარო რეესტრში "ფორმულის" დირექტორის, ზუკა გუმბარიძის სახელით განაცხადი შევიდა, რომლითაც წარდგენილი იყო დამატებითი დოკუმენტები იმისთვის, რომ დავით კეზერაშვილის 25-პროცენტიანი წილი თანამშრომელთა გაერთიანებას გადასცემოდა. ამ განაცხადს თან ერთოდა კვიპროსში ლიმასოლის რაიონული ოფიცრის განმარტება, როგორ გაიცა დავით კეზერაშვილზე ის მინდობილობა, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრმა არასაკმარისად მიიჩნია წილების გასასხვისებლად.

ამ განმარტებაში წერია, რომ დამმოწმებელი ოფიცერი პირადად შეხვდა დავით კეზერაშვილს, რომელმაც მას წარუდგინა ორი დოკუმენტი:

  • ქართული პასპორტი, რომელსაც ვადა გაუვიდა 2021 წლის 3 აგვისტოს;
  • საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა, რომელსაც უვადო მოქმედების ვადა აქვს.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლამდე გაცემულ მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა 2028 წლის 1 სექტემბრამდე აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ დამმოწმებელი ოფიცერისთვის წარდგენილ საქართველოს პასპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, კანონის თანახმად, დამმოწმებელ ოფიცერს შეეძლო დაყრდნობოდა მოქმედ ქართულ მართვის მოწმობას აღნიშნული პირის ვინაობის დასადასტურებლად და მისი ხემოწერის დასადასტურებლად. დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ პირადი ნომერი მითითებული იყო ორივე დოკუმენტში.

ვინაიდან წარმოდგენილ მართვის მოწმობაში, რომელიც კვლავ მოქმედია და მასში სრულადაა მითითებული იგივე პირადი ნომერი, რაც ქართულ პასპორტში, დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ ჩემ წინაშე გამოცხადებული პირი იყო ბატონი დავით კეზერაშვილი", - წერია 2023 წლის 10 ივლისს გაცემულ განმარტებაში.

“ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან "ფორმულის" თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, წილების გასხვისებაზე კი დავით კეზერაშვილის სახელით განაცხადი საქართველოს საჯარო რეესტრში ივნისში შევიდა. მაშინ მოთხოვნა არ დარეგისტრირდა.

"[დავით კეზერაშვილს] არ უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
(სტატუსი გაუქმებულია (დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა) შესაბამისად, არ დგინდება პირის იდენტიფიცირებისთვის იურიდიული ძალის მქონე რომელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (საქართველოს პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა) იხელმძღვანელა ნოტარიუსმა", - ასე ასაბუთებდა რეესტრი კეზერაშვილის მოთხოვნის დარეგისტრირებაზე უარს.

დღევანდელი მოცემულობით, "ფორმულის" წილები ეკუთვნით დავითი კეზერაშვილს, მიშა მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზუკა გუმბარიძეს, გიორგი ლიფონავას და ააიპ "თავისუფლების ფორმულას".

განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

XS
SM
MD
LG