ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვა: ისრაელის სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნას ჰუმანიტარული დახმარების 67 მაძიებელი ემსხვერპლა

პალესტინელები სურსათის მიღების მოლოდინში. ნუსეირათი, ღაზის სექტორი. 20 ივლისი. 2025 წელი

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 20 ივლისს ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეიკრიბნენ ჩრდილოეთში.

სროლის დროს 67 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ თავიანთ 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას, რომელსაც სურსათით დახმარებას გადაჰქონდა, „დახვდა მშიერი მშვიდობიანი ადამიანების უზარმაზარი ჯგუფი, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს“ მალევე მას მერე, რაც კოლონამ ისრაელიდან საზღვარი გადაკვეთა და საკონტროლო პუნქტები გაიარა.

ისრაელის სამხედროებმა უარყვეს დაღუპულთა რაოდენობა და განაცხადეს, რომ ჯარისკაცებმა ისროლეს „მათთვის შექმნილი უშუალო საფრთხის ასაცილებლად“, როდესაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ ღაზასთან ახლოს.

გაერომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მაისის ბოლოდან დახმარების თითქმის 800 მაძიებელი დაიღუპა.

ღაზის სექტორში შეზღუდულია მედიის შესვლა. AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს მოკლულთა რიცხვი და სააგენტოსა და სხვა თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დეტალები.

ისრაელის სამხედრო ძალებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ ემზადებიან ღაზის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, რაც პირველად ხდება 2023 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. ისრაელის არმიამ სპეციალური გაფრთხილება გაავრცელა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ უბნების მაცხოვრებლებისთვის და მოსთხოვა მათ ტერიტორია დატოვონ.

20 ივლისს, რომის პაპმა ლეონ XIV-მ დაგმო ღაზაში ომი და მოითხოვა მისი დასრულება. პაპი გამოვიდა მოწოდებით „ძალის განურჩეველი გამოყენების წინააღმდეგ“, ისრაელის სამხედროების მიერ კათოლიკურ ეკლესიაზე სისხლიანი დარტყმიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

ასევე ნახეთ პაპი ლეონ XIV მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ომის "ბარბაროსობა" ღაზაში