საპროტესტო მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გრძელდება

მსვლელობა „ოცნების“ ოფისისკენ

დღისით რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო დემონსტრაცია, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლთან მივიდა, ახლა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენ მიემართება სანაპიროს გავლით.

2 სექტემბრის პროტესტის ძირითადი საფუძველია საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგები. ამასთან, 2 სექტემბერსვე გამოცხადდა „დემონსტრაციებზე ძალადობის“ საქმეზე დაკავებული რვა მოქალაქის განაჩენი. სამ მათგანს ორ-ნახევარი წლით, ხუთს კი ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო, პარლამენტის მიმდებარედ, არაერთი ადამიანის დაკავების შემდეგ კი ქაოსურად გაგრძელდა რუსთაველის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე.

შსს-ის პრესცენტრის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა ჯამში 23-მდე გაიზარდა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ასევე ნახეთ რუსთაველზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს - პოლიცია მოქალაქეებს პარლამენტის წინ გადასვლისკენ მოუწოდებს

რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი ადამიანის დაკავების შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა ჯოხაძემ მოქალაქეებს განუცხადა: „რუსთაველზე მიბრძანდით, პარლამენტის წინ და გადაკეტეთ“.

ჯოხაძემ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში დაუდასტურა, რომ მოქალაქეებს პარლამენტის წინ აძლევენ გზის გადაკეტვის უფლებას.

„თქვენი ნებართვა ამისთვის არ გვჭირდება“ - უპასუხეს ჯოხაძეს დემონსტრანტებმა.