ფილიპინები ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინური გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს

საილუსტრაციო ფოტო - მასზე ასახული არ არის ჩაძირული გემი, თუმცა ასახავს ფილიპინურ გემებს სამხრეთის ზღვაში.

მოკლედ

  • 11 ოქტომბერს ფილიპინებმა ჩინური გემი დაადანაშაულა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულთან ახლოს მდგომ ფილიპინურ გემთან განზრახ შეჯახებაში.
  • მანილა ამბობს, რომ ჩინეთის საზღვაო ძალებმა ტიტუს კუნძულთან ფილიპინელების მთავრობის გემის ჩასაძირად წყლის ჭავლი გამოიყენეს - ეს მეთოდი ჩინეთს ფილიპინური გემების წინააღმდეგ ადრეც გამოუყენებია.
  • პეკინი სადავო რეგიონში გემების შეჯახების ფაქტებზე სრულ პასუხისმგებლობას ფილიპინებს აკისრებს.
  • 2016 წელს ჰააგაში მუდმივმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიების უმეტესობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, საერთაშორისო სამართალში არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

ფილიპინების სანაპირო დაცვის განცხადებით, სამი გემი, რომელთა შორის იყო სამთავრობო ხომალდიც, მანილის მიერ კონტროლირებად კუნძულთან ახლოს იყო გაჩერებული ადგილობრივი მეთევზეების დაცვის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, როდესაც მას ჩინური გემი მიუახლოვდა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო მათი განდევნა. შემდეგ კი კონკრეტულად სამთავრობო გემზე მიიტანა იერიში.

„სულ რაღაც სამი წუთის შემდეგ... იგივე (ჩინური) გემი განზრახ დაეჯახა ფილიპინების ხომალდის უკანა ნაწილს“, რამაც „მცირე სტრუქტურული დაზიანება გამოიწვია, მაგრამ ეკიპაჟი არ დაზიანებულა“, - ნათქვამია ფილიპინების სანაპირო დაცვის განცხადებაში.

თავის მხრივ, ჩინეთი მომხდარში ფილიპინებს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ჩინეთის სანაპირო დაცვამ "კანონიერად" აამუშავა უსაფრთხოების ზომები ფილიპინური გემების წინააღმდეგ და გააძევა ისინი. ჩინეთის სანაპირო დაცვის განცხადების მიხედვით, ფილიპინების ორი სამთავრობო გემი „არალეგალურად შევიდა“ წყლებში ნებართვის გარეშე და „სახიფათოდ მიუახლოვდა“ სანაპირო დაცვის გემს, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხომალდებთან დაკავშირებული კონფლიქტები მზარდია - ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის თითქმის მთელ ტერიტორიას ითხოვს, რაც წლიურად გემებით ვაჭრობის 3 ტრილიონ დოლარზე (2,58 ტრილიონი ევრო) მეტი ღირებულების საკვანძო გზაა.

ასევე ნახეთ სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო რიფი დაიკავა

2016 წელს ჰააგაში მუდმივმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიების უმეტესობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, განსაკუთრებით მის რესურსებზე, საერთაშორისო სამართალში არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს ფილიპინების ისტორიული გამარჯვება იყო, თუმცა საკითხი თითქმის ათი წლის შემდეგაც აქტუალური რჩება და ჩინეთი აგრძელებს მანილასა და სხვა საზღვაო მეტოქეებზე ზეწოლის გაზრდას, რათა ისინი დაემორჩილონ პეკინის პოზიციას.

2025 წლის აგვისტოში, ორი ჩინური გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთმანეთს შეეჯახა მას შემდეგ, რაც ისინი აედევნნენ ფილიპინების სანაპირო დაცვის გემს, რომელიც თან ახლდა მიმდებარე წყლებში მცურავ ფილიპინელი მეთევზეების ნავებს.

ამ კონფრონტაციამდე ერთი კვირით ადრე, ჩინეთმა სკარბოროს წყალმარჩხის ბუნებრივ ეროვნულ ნაკრძალად გარდაქმნასთან დაკავშირებით გეგმა დაამტკიცა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 12 სექტემბერს ჩინეთის გეგმას “გამანადგურებელი” უწოდა და განაცხადა, რომ შტატები უარყოფს ჩინეთის მცდელობას რეგიონში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს მოუწოდებს, იხელმძღვანელოს 2016 წელს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.

ასევე ნახეთ ტაივანის მესაზღვრეების ადევნებისას ორი ჩინელი მეთევზე დაიღუპა