უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა კიდევ ერთი დარტყმა ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე

ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე დრონებით შეტევა 13 ოქტომბერს იყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მორიგი დარტყმა ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალზე.

ამ ობიექტზე დრონებით შეტევა 13 ოქტომბერს იყო. უკრაინის გენშტაბმა ფაქტი დღეს, 15 ოქტომბერს დაადასტურა „მონაცემების დაზუსტების“ შემდეგ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანებულია ფეოდოსიის საზღვაო ნავთობტერმინალზე წინა შეტევის შემდეგ გადარჩენილი 16 რეზერვუარი და ობიექტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალი საწვავ-საპოხი მასალებით რუსული არმიის მომარაგების ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია.

ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალზე

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და ხანძარი 13 ოქტომბერსვე დაადასტურა. განსხვავებით ამ ობიექტზე წინა, 6 ოქტომბერს განხორციელებული შეტევისგან, რომლის შედეგად გამოწვეულ ხანძარს, ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ.

13 ოქტომბერს უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ფეოდოსიის ნავთობტერმინალს დრონებით დაარტყეს უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციის ძალებმა.

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.

თავის მხრივ, რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ უკრაინის ენერგოსისტემას - ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების ობიექტებს.

ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?