ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო უკრაინაში ავსტრიელ ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმა

ORF-ის ჟურნალისტი ქრისტიან ვერშიუტცი (არქივი)

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა დაგმო უკრაინაში დრონით თავდასხმა ავტომობილზე, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები და ჟურნალისტები გადაჰყავდა.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-ის ცნობით, მინისტრის სიტყვებით, ავსტრიელ კორესპონდენტსა და ჰუმანიტარულ ჯგუფზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ომის სისასტიკეს. მისი თქმით, "აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რუსეთი განზრახ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებსა და ჟურნალისტებს".

დრონით თავდასხმა 8 ნოემბერს დონეცკის რეგიონში მოხდა. ORF-ის ავსტრიელი ჟურნალისტი ქრისტიან ვერშიუტცი, ესპანელ კოლეგასთან და ჰუმანიტარულ მუშაკებთან ერთად, ევაკუაციის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად კოსტიანიოვკაში მიემგზავრებოდა. ისინი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Proliska-ს ლოგოთი მონიშნული მცირე სატვირთო მანქანით მოძრაობდნენ.

მგზავრებმა სწრაფად შეძლეს მანქანიდან გადმოსვლა, რადგან მძღოლმა დრონი დროულად შენიშნა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Proliska-ს სწრაფი არაბიუროკრატიული დახმარების სახით ათასი ევრო გადასცა.

ასევე ნახეთ კრამატორსკში დაიღუპნენ უკრაინელი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი