ნოვოროსიისკის პორტზე დრონებით შეტევა იყო

ქალაქი ნოვოროსიისკი(ფოტო არქივიდან)

14 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევისა და გემისა და ნავთობის ბაზის დაზიანების შესახებ განაცხადა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ნოვოროსიისკის პორტში დააზიანა ერთ-ერთი სამოქალაქო გემი, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი დაშავებულია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს, რომელიც საწვავის გადატვირთვის კომპლექსის, „შესხარისის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. შტაბის თანახმად, დილის ექვსი საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობითვე, ქალაქ ნოვოროსიისკში დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლიც, დაშავდა ერთი ადამიანი.

ნოვოროსიისკში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდა. დროებით დახურეს კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ კრასნოდარის და ქალაქ გელენჯიკის აეროპორტები.

ასევე ნახეთ კიევზე მასირებული შეტევა იყო რუსული რაკეტებით და დრონებით

ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარეობს რუსეთის უმსხვილესი პორტი და შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა.

განახლება: 14 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ სამსახურის სპეცრაზმმა „ალფამ“ სამხედრო დაზვერვის სამსახურთან, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, სასაზღვრო სამსახურსა და სარაკეტო-საარტილერიო ჯარებთან ერთად გასულ ღამით ჩაატარა სპეცოპერაცია ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ.

წყაროს თანახმად, შეტევის შედეგად დაზიანებულია ტერმინალის მილსადენები, ნავთობის საქაჩი და ჩამომსხმელი დანადგარები და ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამავე წყაროს ცნობით, ნოვოროსიისკში დაარტყეს 1537-ე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300/400-საც.

უკრაინული ტელეგრამ-არხი Exilenova+ წერს, რომ თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკზე შეტევისთვის გამოიყენეს უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „გრძელი ნეპტუნიც“.

დილით კრასნოდარის მხარის ხელისუფლების გარდა, მხოლოდ დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მისი მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 216 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 66 კრასნოდარის მხარეში და 59 შავი ზღვის აკვატორიაში.