მაკრონი: სამშვიდობო გეგმის საბოლოოდ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით

ემანუელ მაკრონი. პარიზი, 15 სექტემბერი, 2025.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხში დარეგულირების გეგმა საბოლოოდ შეიძლება შეთანხმდეს მხოლოდ კიევისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით, ვინაიდან ევროპელები არიან გარანტები და საქმე ეხება ევროკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოებას.

რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხებს, მაკრონის სიტყვებით, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მის შესახებ მსჯელობა მოლაპარაკებებზე, ომის დასრულების შემდეგ.

„რუსეთისგან არ გვაქვს იმის არავითარი სიგნალი ან მტკიცებულება, რომ ის აგრესიას შეწყვეტს. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ტერიტორიული საკითხის განხილვა, ვინაიდან ეს მისი საკუთარი ტერიტორიაა, რომელიც საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული და ის სუვერენულია,“ აღნიშნა მაკრონმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება გაყინულ რუსულ აქტივებს, უსაფრთხოების გარანტიებს, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას - ამის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებების საერთო მაგიდასთან, ევროპელებთან ერთად,“ დასძინა მაკრონმა.

ასევე ნახეთ მაკრონმა და ზელენსკიმ მოკავშირეებთან ითათბირეს სამშვიდობო გეგმაზე