რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 დეკემბერს ონლაინ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან, რომლებსაც უთხრა, რომ მათი წინადადებები „არამეგობრული სახელმწიფოების ტერიტორიებიდან დანაშაულებრივი მიზნებით“ ზარების „ბლოკირების“ და მათი „მარკირების“ შესახებ მთავრობის მიერ გათვალისწინებულია და ინერგება.
პუტინის თანახმად, შემუშავებულია „ციფრულ სფეროში მოქალაქეების დაცვის ზომების“ მეორე პაკეტი და მესამე პაკეტის მომზადებაც იგეგმება.
რუსეთს „არამეგობრულად" გამოცხადებული ჰყავს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, უკრაინა, აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია.
ასევე ნახეთ რუსეთი YouTube-ის გარეშერუსული მედიის ცნობით, 2025 წლის მარტში მიღებული პირველი პაკეტი მოიცავს 30-მდე ზომას „თაღლითური ზარების“ წინააღმდეგ. მათ შორისაა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მობილური ოპერატორებისა და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც სიმ-ბარათების გაყიდვის წესებს დაარღვევენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ვიცე-პრემიერმა დმიტრი გრიგორენკომ 9 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეორე პაკეტი მოიცავს 20-მდე ინიციატივას. მათ შორის „აბონენტის თანხმობის გარეშე“ აიკრძალება საერთაშორისო ზარები.
ბოლო თვეებია რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო მესენჯერის, Max-ის ლობირებასთან ერთად ზღუდავს სხვა ონლაინ-სერვისების მესენჯერების მუშაობას და სატელეფონო კავშირს. მას შემდეგ, რაც აგვისტოში შეიზღუდა ზარები WhatsApp-იდან და Telegram-იდან, რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ „თაღლითებმა“ სტაციონარული კავშირის გამოყენება დაიწყეს და ამ პრაქტიკასაც უნდა ებრძოლონ.
ასევე ნახეთ "როსკომნადზორი" იმუქრება, რომ სრულად დაბლოკავს WhatsApp-ს რუსეთში