ზელენსკი: საკმარისი არ არის რუსეთის იძულება შეთანხმებაზე. უნდა ვაიძულოთ რუსეთი, აღიაროს კანონები... რუსეთმა უნდა ზღოს!

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს ნიდერლანდის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას. 16 დეკემბერი, 2025 წელი. ჰააგა

16 დეკემბერს ჰააგაში გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაზე ხელი მოეწერა "კონვენციას უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დაფუძნებაზე".

კომისიის დაფუძნების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან მადლიერება გამოხატა უკრაინის, უკრაინის ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის:

„დღეს - მიმდინარე წელს - უკრაინისთვის იქმნება რაღაცები, რაც დიდი ხნის წინ - მინიმუმ 2014 წელს უნდა შექმნილიყო. თუმცა, სინამდვილეში, იმის გათვალისწინებით, რამდენი ომი დაიწყო რუსეთმა და რამდენს უწყობდა ხელს, ეს კიდევ უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ის განაგრძობს უკრაინის მიწის ოკუპაციას, რომ მან თავი იგრძნოს დამნაშავედ და იწვნიოს ამისთვის შედეგები, სანამ უკრაინელები რჩებიან რუსების ტყვეობაში და სანამ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელ ბავშვებს არ დააბრუნებენ:

„მოველით, რომ კომპენსაციის ყოველი მექანიზმი - „ზიანის რეესტრითა“ და „საჩივრების კომისიით“ დაწყებული რეალური გადახდებით გაგრძელებული - ამუშავდება და მიიღებს ძლიერ და ეფექტიან საერთაშორისო მხარდაჭერას, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ, რომ ომით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანი ანაზღაურდება“.

"საჩივრების საერთაშორისო კომისია" იქნება რუსეთის აგრესიის ომთან დაკავშირებული კომპენსაციების მექანიზმის მეორე ნაწილი, რომელიც დაემატება უკვე არსებულს "უკრაინის ზიანის რეესტრს". კომისია ევროსაბჭოს ფარგლებში იმუშავებს და ღია იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.

"უკრაინის ზიანის რეესტრი" 2023 წელს შეიქმნა და ის აგროვებს ინდივიდების, ორგანიზაციებისა და უკრაინის საჯარო უწყებების საჩივრებს. რეესტრს შეუერთდა 44 სახელმწიფო და ევროკავშირი და მას უკვე მიღებული აქვს 86 ათასი საჩივარი.

"საჩივრების საერთაშორისო კომისია" კი გადახედავს, შეაფასებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს რეესტრში შესულ საჩივრებზე და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას თითოეული შემთხვევისთვის.

ასევე ნახეთ უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა

კონვენცია კომისიის დაფუძნებაზე ძალაში შევა, როცა ხელმომწერი მინიმუმ 25 ქვეყანა მოახდენს მის რატიფიკაციას და მობილიზდება საკმარისი თანხა მისი მუშაობის დასაწყებად.

„ეს არის უნიკალური, დამოუკიდებელი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს ცენტრალური, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ვსაუბრობთ რეპარაციებზე. დღეს ჰააგაში 35 სახელმწიფო მოაწერს ხელს "კონვენციას უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დაფუძნების შესახებ“. ეს იქნება უპრეცედენტო მხარდაჭერა ასეთი კომისიისთვის პირველივე დღეს“, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ დოკუმენტის ხელმოწერამდე.

სამშაბათს გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაზე ნიდერლანდის პრემიერმინისტრმა დიკ სხოოფმა განაცხადა:

„ჩვენი გზავნილი ჰააგიდან არის ძალიან მკაფიო. როცა მშვიდობა დამყარდება, სამართლიანობა უნდა ამოქმედდეს. როცა ომი დასრულდება, უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ნიდერლანდისა და ყველა სხვა პარტნიორის იმედი“.

უკრაინის სახელით კონვენციას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს:

„ეს კომისია მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებმაც თავიანთი ახლობლები დაკარგეს, რომელთა სახლებიც განადგურდა და რომელთა ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა“.

ნიდერლანდის სამეფოში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას და ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე:

„ახლა ვართ ამ ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ინტენსიური და ფოკუსირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შუაში, ნამდვილი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის და ჩვენ არ ვლაპარაკობთ პაუზაზე ან დროებით, გაურკვეველ მოგვარებაზე.

დეტალურად ვმუშაობთ დოკუმენტებზე, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ომის შეწყვეტა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფა! ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა. რატომ? ვინაიდან, არცერთი დეტალი არ უნდა იქცეს რუსეთის აგრესიისთვის ჯილდოდ. თუკი აგრესორი ჯილდოვდება, ის იწყებს დაჯერებას, რომ ომი ანაზღაურდება. ამიტომაც არის, რომ სამართლიანობა უნდა იყოს ცენტრალური ომის დასრულებაში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ მიდგომას - სამართლიანობა არ უნდა გაირიყოს დიპლომატიის კიდისკენ.

უკრაინის მაგალითზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპასა და აშშ-ს ხელეწიფებათ რეალური შედეგების მიღწევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

და როცა იარაღი დადუმდება და დრონებით აღარ დახოცავენ ხალხს, კანონმა უნდა თქვას სიტყვა".

ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უნდა იმუშაოს საერთაშორისო სამართალმა:

"რუსეთის ძირეული მიზეზები რუსეთს უნდა დაუბრუნდეს: არ შეიძლება, რუსმა ომის დამნაშავეებმა თავისუფლად იმოგზაურონ ევროპასა და მსოფლიოში, თითქოს ისინი ტურისტები არიან. არ შეიძლება, რომ მათ, ვინც ჩვენ გვხოცავდა, უცებ ისე მოექცნენ, როგორც პატივსაცემ პარტნიორებს.

ამიტომაც აქვს მნიშვნელობა სანქციებს და ამიტომაც არსებობს კონვენციები და საერთაშორისო სამართალი, რომელმაც უნდა იმუშაოს.

ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად რთულია და რამდენი დრო დასჭირდება რუსეთს, რუსმა ომის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ და რუსეთის სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი აგრესიის დანაშაულისთვის".

უკრაინის პრეზიდენტს მკაფიო გზავნილები ჰქონდა აშშ-ის შუამავლობით წარმოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე:

"რუსეთი შემოიჭრა ჩვენს სახლში. გაანადგურა ჩვენი ქალაქები, სოფლები, ხოცავს უკრაინელებს, ჩვენს ბავშვებს და ამავე დროს მოითხოვს, რომ დავთმოთ ჩვენი მიწის ის ნაწილი, რომლის დაპყრობაც კი ვერ მოახერხეს.

რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე ჰყავს მილიონიანი საოკუპაციო ძალა და ის მაინც მოითხოვს, რომ უკრაინა დათანხმდეს შეზღუდვებს ალიანსებში გაწევრიანებასა და სუვერენიტეტზე.

საკმარისი არ არის რუსეთის იძულება შეთანხმებაზე. საკმარისი არ არის რუსეთის იძულება, შეწყვიტოს კვლა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ აღიაროს კანონები, რომლებიც მსოფლიოში არსებობს და არ შეიძლება, მან ყველა მოატყუოს.

ევროპის ლიდერებს მაგიდაზე უდევთ გადაწყვეტილება რუსეთის გაყინულ აქტივებზე. მათი უდიდესი ნაწილი ევროპაშია. რუსეთის ეს აქტივები სრულად უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

აგრესორმა უნდა ზღოს!" - განაცხადა ჰააგაში უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

როგორი იყო ტრიბუნალი სრებრენიცის გამო და როგორი იქნება უკრაინაზე - ინტერვიუ იუგოსლავიის შესახებ ტრიბუნალის მონაწილესთან უკრაინელების გენოციდი წარსულსა და აწმყოში - გარდაუვალია სასჯელი მოსკოვისთვის? ევროპული ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ - რას გამოიძიებს?ყირიმელი თათრების დეპორტაცია - გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება“არ ვიყავი მზად ამ მასშტაბის მხეცობისთვის... ადამიანების ტანჯვის შემგროვებლებად ვიქეცით” - ნობელიატი ოლექსანდრა მატვიიჩუკიტრიბუნალი პუტინისა და ლუკაშენკასთვისტრიბუნალი პუტინისთვის