რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ჩინოვნიკებს მოუხსნა შემოსავლების ყოველწლიური დეკლარირების ვალდებულება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ჩინოვნიკებს და დეპუტატებს ათავისუფლებს ვალდებულებისგან, ყოველწლიურად შეიტანონ დეკლარაციები შემოსავლებისა და ქონების შესახებ.

დეკლარაციის შევსების აუცილებლობა რჩება სამუშაოს დაწყებისას, თანამდებობაზე დანიშვნისას, საკადრო რეზერვში გადაყვანისა და ჩართვისას. ეს აუცილებელი იქნება გარკვეული საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც - მაგალითად, როცა შეისყიდიან ქონებას, რომლის ღირებულებაც აჭარბებს სახელმწიფო მოხელის ოჯახის საერთო, სამწლიან შემოსავალს.

იუწყებიან, რომ ჩინოვნიკების ქონებას და ფულად სახსრებს ამიერიდან გააკონტროლებენ სისტემით "პოსეიდონი", რომელიც თანამშრომლობს ფედერალური საგადასახადო სისტემის, "როსფინმონიტორინგის", სახელმწიფო რეესტრისა და სხვა უწყებების მონაცემთა ბაზებთან.

კანონი 2026 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს.

2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, დეპუტატების და სენატორების შემოსავლისა და ქონების შესახებ ინფორმაცია უნდა ქვეყნდებოდეს მხოლოდ "ზოგადი ფორმით" - მოქალაქეები ვერ ხედავენ კონკრეტულ გვარებს, ფულად თანხებს, ქონების ჩამონათვალს. ამომრჩეველს მხოლოდ იმის გაგება შეუძლია, შეიტანა თუ არა დეპუტატმა დეკლარაცია და იყო თუ არა ამ დოკუმენტში შეცდომები.

ამის შემდეგ, მალევე, სახელმწიფო სათათბირომ გამოაცხადა, რომ ზოგადი ფორმითაც არ აპირებს გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპუტატების შემოსავლებისა და ქონების თაობაზე.

ასევე ნახეთ რუსეთში პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი ქვეყნიდან გამგზავრებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების თაობაზე