რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 18 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო შესწორებათა პაკეტი, რომელიც ქონებრივ და სხვა უფლებებს უზღუდავს ქვეყნიდან გამგზავრებულ, სისხლის სამართლის და ზოგიერთი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში გასამართლებულ მოქალაქეებს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეთა საჯარო რეესტრის შექმნას, რომლებიც, როგორც აღინიშნება, საზღვარგარეთ ემალებიან მართლმსაჯულებას. ვარაუდობენ, რომ კანონი ძალაში 2026 წლის 1 მარტს შევა.
ადმინისტრაციული საქმეების შემთხვევაში საუბარია განაჩენებზე ექვსი მუხლით, რომლებსაც უფლებადამცველები პოლიტიკურად მიიჩნევენ. საქმე ეხება გასამართლებულებს არმიის "დისკრედიტაციის", "უცხოეთის აგენტისთვის" დაკისრებული ვალდებულებებისთვის თავის არიდების, "არასასურველად" გამოცხადებული ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის, სანქციებისკენ და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებების ბრალდებებით.
სამომავლო რეესტრში ჩართვას სერიოზული შეზღუდვები მოჰყვება. ამ სიაში მოხვედრილი პირი, მათ შორის, ვერ შეძლებს განკარგოს რუსეთის ანგარიშებზე არსებული ფული, მიიღოს არაერთი საკონსულო მომსახურება საზღვარგარეთ, განკარგოს ქონება რუსეთში, სხვა პირს მინდობილობით დაავალოს რაიმეს გაკეთება - წერს "ოვდ-ინფო".
კანონპროექტის განხილვა დეკემბერში გამოაცხადა ვასილი პისკარევმა - თავმჯდომარემ სახელმწიფო სათათბიროს კომისიისა, რომელიც იძიებს უცხოეთის სახელმწიფოთა ჩარევას რუსეთის შიდა საქმეებში. პისკარევის თქმით, ინიციატივის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ, მსჯავრდადებულ პირებს "არ ჰქონდეთ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და ცივილიზაციის სიკეთეებით სარგებლობის სურვილი" - ისინი რუსეთში უნდა დაბრუნდნენ, სადაც სასჯელი ელოდებათ.
ბოლო წლებში რუსეთში ოპოზიციონერებისთვის, აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მოწინააღმდეგეებისთვის ხშირად გამოაქვთ განაჩენები "დისკრედიტაციის", "უცხოეთის აგენტების" კანონების დარღვევის, "არასასურველ" ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებების საფუძველზე.
ფორუმი