დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

თამბაქოს ნაწარმზე ფასი „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ რეგულირდება.

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. სადავო პარლამენტში გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღეს.

კანონპროექტების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები (შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი) იყვნენ. მათ განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ მიზანი „ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“.

  • ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება;
  • იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება.

ამავე კანონით, ცალკე გამოიყოფა ქართული ნედლეულით (35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) დამზადებული სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზი. თუკი აქამდე აქციზის ფასი 1,9 ლარი იყო, ახლა 1,3 ლარამდე შემცირდა. გააიაფებს თუ არა ეს სიგარეტის ფასს, უცნობია.

სიგარეტზე აქციზის ფასი გასულ წელსაც გაიზარდა. მაშინაც აქციზის გაზრდა ეკონომიკური ზრდისა და მასზე მოთხოვნის შემცირების მოტივაციით ახსნეს.

ასევე ნახეთ ცხოველებისთვის ყურებისა და კუდის მოჭრა აიკრძალა - კიდევ რა ცვლილებები ამოქმედა