რადიო თავისუფლებამ ამ მასალაში ყურადღება გაამახვილა კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას.
მეპატრონე ვალდებული იქნება:
- ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
- თუკი არსებობს ცოფის ეჭვი, მისი ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, აცნობოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ასევე, გადაიყვანოს ცხოველი იზოლაციაში;
- დაბინძურების შემთხვევაში დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე;
- თუკი ცხოველი გამოიწვევს ზიანს, აანაზღაუროს ის კანონით დადგენილი წესით.
ცხოველის მიკედლება:
- ცხოველის მიკედლების შემთხვევაში ადამიანი ან ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს;
- იკრძალება ცხოველის მიკედლება საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების, მეტროს, საბავშვო ან სპორტული მოედნების ტერიტორიაზე;
- მიმკედლებელს ვალდებულება უჩნდება გამოკვებოს ცხოველი.
ვეტერინარული მომსახურება:
- კლინიკა ვალდებულია, ცხოველს სამედიცინო მანიპულაციები უმტკივნეულოდ ჩაუტაროს;
- კლინიკა ვალდებულია, ცოფის ან სხვა დაავადებების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს.
აიკრძალება არასამკურნალო მიზნით ცხოველებისთვის:
- ყურების მოჭრა;
- კუდის მოჭრა;
- ეშვებისა და ბრჭყალების ამოჭრა;
- სმენის დაქვეითება;
- ხმის იოგების გადაჭრა.
თავშესაფრის ვალდებულებები:
- ვოლიერებსა და ვეტერინარულ სივრცეებში სტანდარტის დაცვა;
- ცხოველს მისცეს გადაადგილებისა და კვების საშუალება;
- ცხოველს ჰქონდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალება (არ იყოს ოთხივე მხარეს დახურული ვოლიერი);
- ჰქონდეს გასასეირნებელი და ფიზიკური აქტიურობის სივრცე;
- კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა აკრძალულია.
ცხოველების სასტუმროები:
- სასტუმროში დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
- ცხოველის განსათავსებელ სივრცეში უნდა იყოს განათება, დათბუნება და ვენტილაცია.
ცხოველთა რეალიზაცია:
- ცხოველთა რეალიზაცია შეეძლება რეგისტრირებულ პირს;
- მან არ უნდა დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება;
- ცხოველთა გაყიდვამდე მას აქვს ყველა ის ვალდებულება, რაც მის პატრონს.
ცხოველთა გამრავლების წესებსა და პოპულაციასთან დაკავშირებით მუხლები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ფორუმი