კიევმა და ვაშინგტონმა სამშვიდობო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს აშშ-ში

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები. ვაშინგტონი, 6 დეკემბერი, 2023.

შეერთებულ შტატებში კიევისა და ვაშინგტონის დელეგაციებს შორის გაიმართა სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.

მან აღნიშნა, რომ დიალოგის შედეგები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობეს.

ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეტ უიტაკერმა განაცხადა, რომ პროცესი დასკვნით ეტაპზეა და რომ „ყველამ უნდა აიკაპიწოს სახელოები“ ძირითადი საკითხების გადასაჭრელად. მან დასძინა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კომპრომისის მიღწევა შეიძლება მოხერხდეს უკვე ამ კვირაში ან იანვარში. რუბიომ თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი მაიამიში გაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და მრჩეველ ჯარედ კუშნერთან მოსალაპარაკებლად. Reuters-ის ცნობით, უკრაინასთან სამმხრივი შეხვედრები დაგეგმილი არ არის. კონტაქტები მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მოლაპარაკებების ფონზე დონალდ ტრამპმა ილაპარაკა ფლორიდაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. მას არ დაუკონკრეტებია გამგზავრების თარიღი და არც რუსეთის ან უკრაინის დელეგაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა დაუდასტურებია. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შტატში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ასევე ნახეთ რუბიო: მოლაპარაკებებზე აშშ ცდილობს მოსკოვისა და კიევის ინტერესთა შორის წონასწორობის დაცვას