წყაროთა მონაცემებით, რუსეთს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, კვლავ აქვს მიზნად უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და აგრეთვე, ადრე საბჭოთა ბლოკის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების თავის გავლენის სფეროში დაბრუნება.
როგორც გაბარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, „Deep State-ის ომის წამქეზებლები და მათი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კვლავ ცდილობენ ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად“.
გაბარდმა Reuters-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მიიჩნევს, თითქოს რუსეთი ევროპაზე თავდასხმას ან მის დაპყრობას ცდილობს, „ტყუილი და პროპაგანდა“ უწოდა.
გაბარდის თქმით, მისმა ქვეშევრდომებმა კონგრესის წევრებს აცნობეს, რომ რუსეთი, სინამდვილეში, „ევროპაში მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ მიისწრაფვის“. „სიმართლე ისაა, რომ „აშშ-ის დაზვერვა“ მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინის დაპყრობის და ოკუპაციის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ არაფერი ვთქვათ ევროპაში „შეჭრისა და ოკუპაციის“ შესახებ", - წერს გაბარდი.
Reuters-ის მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ ემუქრება ევროკავშირის ქვეყნებს და არ აპირებს მათზე თავდასხმას. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, თავად ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოები და ბევრი მათგანის ლიდერები სხვაგვარად თვლიან და რუსული აგრესიის საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ. ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთის გეგმები მთელი უკრაინის ოკუპაციის შესახებ 2022 წლიდან არ შეცვლილა და რომ უკრაინას, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებიც მოჰყვეს, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც 1991 წლამდე სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეს ისტორიული პერიოდი საბჭოთა ოკუპაციად ითვლება.
პუტინს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მიზნად აქვს მთელი უკრაინის ოკუპაცია. მან ისაუბრა მისი „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ აუცილებლობაზე, თუმცა ზუსტად არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. გარდა ამისა, რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, ყირიმის გარდა, უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის - რომლებსაც ამჟამად სრულად არ აკონტროლებს - ანექსიის შესახებ.
პუტინის საგანგებო წარგზავნილმა კირილ დმიტრიევმა გუშინ ფლორიდაში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. მან მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა. შეხვედრები 21 დეკემბერსაც გრძელდება. ფლორიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა ასევე უკრაინის დელეგაციამაც.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ დმიტრიევი შეერთებულ შტატებში ჩავიდა სამუშაოდ „ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებსაც ჩვენ უკვე არაერთხელ შევხვდით“, ამის შემდეგ ის მოსკოვში დაბრუნდება და პუტინს შედეგების შესახებ მოახსენებს. უშაკოვმა ნათლად განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ შობამდე, რომელიც დასავლეთში 24-25 დეკემბერს აღინიშნება.
პუტინის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ამერიკულ პროექტში ევროპისა და უკრაინის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები „არ აუმჯობესებს დოკუმენტს და ხელს უშლის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის,“ რომ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან „დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.“
ასევე ნახეთ “რუსეთს მიწა კი არა, აღიარება უნდა” - მერი დეჟევსკი