პუტინის თანახმად, ახლახან მიიღო გენერალური შტაბის მოხსენება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ არსებული ვითარების შესახებ, „სტრატეგიული ინიციატივა სრულად რუსეთის ხელშია“, ყველა მიმართულებით უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „უშედეგოდ ცდილობენ“ კრასნოარმეისკის თუნდაც ნაწილის დაბრუნებას და სერიოზული დანაკარგები აქვთ. რუსეთი კრასნოარმეისკს უწოდებს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რომლის „გათავისუფლების“ შესახებაც, კრემლის თანახმად, პუტინს 30 ნოემბერს მოახსენა გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა. უკრაინამ პოკროვსკზე კონტროლის სრულად დაკარგვა უარყო.
პუტინმა დღეს ისიც განაცხადა, რომ „გათავისუფლებულია“ ქალაქ კონსტანტინოვკის ნახევარზე მეტი. ეს ქალაქიც უკრაინის დონეცკის ოლქშია. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უახლოეს ხანში „გათავისუფლდება“ ამავე ოლქის ქალაქი ლიმანიც.
პუტინის თანახმად, რუსეთის არმიის მიერ უკვე „გათავისუფლებულია“ დონეცკის ოლქის ქალაქი სევერსკი და ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი. ამ ქალაქებზე რუსული ჯარების სრულ კონტროლს არ ადასტურებენ არც უკრაინის გენშტაბი და არც დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსები.
პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინისგან ხედავს დიალოგისთვის მზადყოფნის „რაღაც სიგნალებს“, მაგრამ ვერ ხედავს კიევის მზადყოფნას, განიხილოს ტერიტორიების საკითხი.
უკრაინის მიერ დონბასის დათმობა უმთავრესია, რასაც რუსეთი მოითხოვს აშშ-ის ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. უკრაინის ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს.
ფორუმი