უკრაინა: რუსმა სამხედროებმა სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლები რუსეთში გადაიყვანეს

სუმის ოლქი

რუსეთის საზღვართან მდებარე სუმის ოლქის უკრაინული სოფლის, გრაბოვსკოეს, დაახლოებით 50 მცხოვრები რუსეთის ტერიტორიაზე იქნა გადაყვანილი რუსი ჯარისკაცების მიერ, რომლებმაც საზღვარი ამ ადგილას გადაკვეთეს.

ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Суспiльне-ს განუცხადა ლარისა კრემეზნამ, ბელგოროდის ოლქის საზღვრიდან 200 მეტრში მდებარე სოფლის გამგებელმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ამ ტერიტორიაზე საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტაბილიზაციის მცდელობები გრძელდება.

მანამდე, გამოცემა „კორდონ.მედიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 დეკემბრის ღამეს რუსი ჯარისკაცები გრაბოვსკოეში შევიდნენ, სადაც იმყოფებოდნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები, რომლებმაც ადრე ხელი მოაწერეს ევაკუაციაზე უარს. გამოცემის მონაცემებით, ეს იყო დაახლოებით 50 ადამიანი, ძირითადად ხანდაზმულები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა რუსეთში გადაიყვანეს ე.წ. საფილტრაციო ღონისძიებების გასატარებლად. ბავშვები მათ შორის არ ყოფილან.

კვირას ეს დაადასტურა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა.
მისი თქმით, ასეთი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს: „ეს არის ომის კანონებისა და წესების დარღვევა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია“, - დაწერა მან Telegram-ში.

ლუბინეცმა დასძინა, რომ დეპორტირებული უკრაინელების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით დაუკავშირდა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს, ტატიანა მოსკალკოვას და წერილი გაუგზავნა წითელ ჯვარს, იტყობინება „ნასტოიაშჩეე ვრემია“. რუს სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი უკრაინული მხარის ბრალდებებზე.

სოფელი გრაბოვსკოე ქალაქ სუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ბოლო დრომდე ამ ტერიტორიაზე ბრძოლები არ მიმდინარეობდა. DeepState-ის ანალიტიკოსების რუკაზე სოფელი და მიმდებარე ტერიტორია „ნაცრისფერ ზონად“ არის მონიშნული, სადაც მუდმივი კონტროლი არ არის.

ასევე ნახეთ ზელენსკის აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგ ევროპელ პარტნიორებთან უფრო ფართო კონსულტაციები სურს