გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმეზე

კალაძე: „დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“.

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მისი ინიციატივით დაიწყო.

„გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ დღეს, 22 დეკემბერს ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, „საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით“.

„ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - თქვა მან, თუმცა არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა.

იქვე დაამატა, რომ თავს იკავებს კონკრეტიკისაგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

კითხვაზე, არის თუ არა მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, კალაძემ უპასუხა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

  • ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, კახა კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სააქციო საზოგადოებიდან, „პროგრესიდან“ გამომძიებლებმა ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს;
  • ტელევიზიის თანახმად, ბანკის არქივს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს;
  • „ტვ პირველის“ ცნობით, საუბარია ტრანზაქციებზე, აქციონერთა დეპოზიტებსა და გადარიცხვებზე;
  • ამავე წყაროს თანახმად, საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის 24 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა გიორგი მოდრეკელიძის სახლში, - ის ბანკის გარდაქმნის შემდეგ ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
  • კალაძემ „პროგრეს ბანკში“ - ბანკში, რომელიც 2007 წელს დააფუძნა - 78%-იანი წილი 2013 წელს გაყიდა და მიჰყიდა ბიზნესმენ ილია გავრილოვს; გავრილოვი 2023 წელს რუსეთში დააკავეს.
  • ეროვნული ბანკის ცნობით, სს „პროგრეს ბანკის“ აქციონერთა კრებამ 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.
  • ბანკის 22%-ის მფლობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო;
  • 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი „თიბისი ბანკმა“ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.
ასევე ნახეთ კახა კალაძე: არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?