უკრაინაზე რუსეთის ჯარების დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა სახლები და ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასირებული შეტევის სამიზნედ დაასახელა „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“.
რუსეთის ამ უწყების განცხადებით, უკრაინაზე დარტყმა იყო „პასუხი ტერორისტულ შეტევებზე“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. კონკრეტული ობიექტები სამინისტროს არ დაუსახელებია.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში დაარტყეს საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც, რომლებიც „გამოყენებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის“ და უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისა და დაქირავებული უცხოელების დისლოკაციის ადგილებს 140 რაიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღის პირველი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე შეტევა მიიტანეს 635 უპილოტო საფრენი აპარატითა და 38 რაკეტით - 3 „კინჟალით“ და 35 ფრთოსანი Х-101-ითა და „ისკანდერით".
საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 11:30 საათის მდგომარეობით დადასტურებული იყო, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 587 უპილოტო საფრენი აპარატი და 34 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობამ დაადასტურა რუსული რაკეტებითა და დრონებით პირდაპირი დარტყმა 21 ადგილზე და მოგერიებული საშუალებების ნამსხვრევების ჩამოცვენა 8-ზე. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, სამმა აერობალისტიკურმა რაკეტამ სამიზნეებამდე ვერ მიაღწია და მათი ჩამოვარდნის ადგილი დაზუსტების ეტაპზეა.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.
ასევე ნახეთ მსხვერპლი, ნგრევა - უკრაინაზე მასირებული შეტევა იყო რუსული დრონებითა და რაკეტებითუკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქში და ერთი - ხმელნიცკის ოლქში. 4 წლის ბავშვი დაიღუპა ჟიტომირის ოლქში. დაშავებულია ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
დაზიანებულია სახლებიც და სხვა შენობები.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყდა როვნოს, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ვინიცის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებს. ენერგომომარაგება ნაწილობრივ შეზღუდულია ოდესის ოლქში, სადაც დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურაც.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, სარემონტო სამუშაოები დაწყებულია იქ, სადაც უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება ამის შესაძლებლობას იძლევა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, რუსეთმა შეგნებული, ცინიკური დარტყმა განახორციელა შობის წინ და როცა ადამიანები დღესასწაულისთვის ემზადებიან, სცადა უკრაინული ოჯახები დაეტოვებინა ელექტროენერგიის, სითბოს და უსაფრთხოების გრძნობის გარეშე.
უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც უარი თქვა „საშობაო ზავზე”, მორიგ მასირებულ დარტყმებს ამზადებს, განსაკუთრებით 23-25 დეკემბრის პერიოდში.
ასევე ნახეთ უიტკოფისთვის „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ იყო პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრაც