Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლუკოილის“ ქარხანა „სტავროლენი“ სავარაუდოდ, ისევ დრონებით დარტყმის სამიზნე იყო


„ლუკოილს“ სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში არაერთი ობიექტი აქვს(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)
„ლუკოილს“ სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში არაერთი ობიექტი აქვს(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში. რეგიონის გუბერნატორმა უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ კადრები.

მოწოდების მიუხედავად ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებით გავრცელდა ბუდიონოვსკის მცხოვრებთა მიერ გადაღებული არაერთი ვიდეო და ფოტო, რომლებზეც ასახულია აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი.

ამ მასალების ანალიზის საფუძველზე უკრაინული ტელეგრამ-არხი Exilenova+ და რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA წერენ, რომ დრონებით შეტევა იყო ნავთობქიმიურ ქარხანა „სტავროლენზე“.

ეს ქარხანა „ლუკოილ ჯგუფის“ შემადგენლობაშია.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე 23 დეკემბერს, დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარია სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე და იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ვლადიმიროვს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

ქარხანა „სტავროლენზე“ უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 22 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 23 დეკემბრის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ სულ 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 7 - სტავროპოლის მხარეში. ეს უწყება მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.

უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე დღევანდელი დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალები სხვადასხვა ობიექტს ინტენსიურად უტევენ სტავროპოლის მეზობელ კრასნოდარის მხარესა და როსტოვის ოლქში.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG