გაგლოევმა ფაქტობრივად აღიარა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავება მის მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდება

ალან გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გამოეხმაურა "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეს.

"არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს", - თქვა მან, რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ დაპატიმრება უკავშირდებოდა მეარაყიშვილის გეგმებს, ცხინვალის ცენტრში ერთი კაცის აქცია მოეწყო.

"მიმდინარეობს გამოძიება, ამ საკითხზე ყველა მონაცემი საზოგადოებისთვის ცნობილია. არის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის კავშირს წარდგენილ ბრალდებასთან. გამოძიება ამას შეისწავლის“, - აღნიშნა გაგლოევმა.


ალან გაგლოევი, პრესკონფერენციაზე

მედიის ცნობით, გაგლოევმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უჩვენა „ათასი ევროს სერტიფიკატი“, რომელიც 2018 წელს ნიდერლანდების საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გასცა - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისადმი მისი დიდი სიყვარულისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ასევე თქვა, რომ არ დაუშვებს, ცენტრალურ მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას „ბავშვებს დღესასწაული ჩაუშალონ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროვოკატორები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს“.

"თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშხამოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გამართოს საპროტესტო აქცია", - თქვა მან.

თამარ მეარაყიშვილი გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ის დაანონსებული აქციის წინა ღამით დააკავეს. ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. "ჯაშუშობის" ბრალებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

დაკავების შემდეგ აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო.

ასევე ნახეთ „ე.ი. რაღაც უბედურება მოხდა“ - თამარ მეარაყიშვილის რვაწლიანი ბრძოლა

როგორც გამოცემა "საპა" წერს, „თამარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს“, მეარაყიშვილს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ“. ე.წ. კგბ-მ განაცხადა, რომ ის ეჭვმიტანილია „ქართულ სპეცსამსახურებთან აფილირებული უცხოური მედიისთვის ინფორმაციის გადაცემაში“.