მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია - კობახიძე მერიის ყოფილ ჩინოსანზე, რომელიც იძებნება

ფოტოკოლაჟი: ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახაბერ გვანცელაძე და კახა კალაძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, თბილისის მერ კახა კალაძეს „არანაირი შეხება“ არ ჰქონია კახა გვანცელაძესთან, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორთან.
  • კახა გვანცელაძე ფიგურირებს სუსის ყოფილი უფროსის, ახლახან დაპატიმრებული გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში.
  • გვანცელაძე, რომელიც სააგენტოს 2017-2023 წლებში ხელმძღვანელობდა და ლილუაშვილის მეგობარია, საქართველოში არ იმყოფება. მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.

მისი სახელი 23 დეკემბერს ახსენა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, როდესაც გრიგოლ ლილუაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გააცნო საზოგადოებას.

„გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს“, - განაცხადა გვარაკიძემ.

მისი თქმითვე, გვანცელაძე საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

„ლილუაშვილ-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა და დასძინა, რომ ყველა მათგანი მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

ასევე ნახეთ სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს - ის სხდომას არ დასწრებია

რას ამბობს კალაძე?

24 დეკემბერს, როდესაც ჟურნალისტებმა ამ საკითხზე დაუსვეს კითხვები, კახა კალაძემ თქვა, რომ საქმის კურსში არ ყოფილა; ასევე თქვა, რომ გვანცელაძე მისი „კადრი“ არ ყოფილა.

„მე რომ მერიაში მივედი, კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?! მე არ მყავს კადრები. როდესაც ადამიანებს ვნიშნავ სხვადასხვა თანამდებობებზე, გამოვდივარ მათი საქმიანობის შეფასებით, პროფესიონალიზმით. როდესაც გავხდი 2017 წელს დედაქალის მერი, კახა გვანცელაძე მუშაობდა მუნიციპალიტეტის რომელიღაც სამსახურში“, - განაცხადა კალაძემ.

„ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. მე არ ვარ მაკონტროლებელი. მაკონტროლებელი არიან შესაბამისი უწყებები. ძალიან სასაცილოები ხართ. 30 000-მდე თანამშრომელია მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, კეთილი უნდა ინებოს და პასუხი აგოს“, - თქვა მან.

შემდეგ ახსენა „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ და თქვა: „წინასწარ ნუ გავაკეთებთ განცხადებას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის, ყველა ადამიანის შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მნიშვნელოვანია“.

იქვე „ადამიანურად გულდასაწყვეტი“ უწოდა ლილუაშვილის დაპატიმრებას.

„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მოვისმინეთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. ამ ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით, გუნდის წევრი იყო და ძალიან მძიმე ფაქტია“, - თქვა მან.

„დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება. საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე ნახეთ გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმეზე

რას ამბობს კობახიძე?

25 დეკემბერს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძე განაცხადა:

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით“.

შემდეგ განაცხადა: „შეიძლება, კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, მაგალითად, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაგალითად. მაგრამ შეიძლება, მე არ მცოდნოდა ამასთან დაკავშირებით. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერთეთ“.

„კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერთეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. იგივე მიდგომით უნდა იმუშაოს ყველა სახელმწიფო უწყებამ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„პროგრეს ბანკის“ საქმე

სამი დღით ადრე, 22 დეკემბერს კახა კალაძემ, - რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, - განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მისი ინიციატივით დაიწყო.

მისი თქმით, „საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით“.

„ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - თქვა მან, თუმცა არ დაუზუსტებია ვის გულისხმობდა.

იქვე დაამატა, რომ თავს იკავებს კონკრეტიკისაგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

კითხვაზე, არის თუ არა მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, კალაძემ უპასუხა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

  • ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, კახა კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სააქციო საზოგადოება „პროგრესიდან“ გამომძიებლებმა ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს.
  • ტელევიზიის თანახმად, ბანკის არქივს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.
  • „ტვ პირველის“ ცნობით, საუბარია ტრანზაქციებზე, აქციონერთა დეპოზიტებსა და გადარიცხვებზე.
  • ამავე წყაროს თანახმად, საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის 24 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა გიორგი მოდრეკელიძის სახლში, - ის ბანკის გარდაქმნის შემდეგ ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
  • კალაძემ „პროგრეს ბანკში“ - ბანკში, რომელიც 2007 წელს დააფუძნა - 78%-იანი წილი 2013 წელს გაყიდა და მიჰყიდა ბიზნესმენ ილია გავრილოვს; გავრილოვი 2023 წელს რუსეთში დააკავეს.
  • ეროვნული ბანკის ცნობით, სს „პროგრეს ბანკის“ აქციონერთა კრებამ 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.
  • ბანკის 22%-ის მფლობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო.
  • 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი „თიბისი ბანკმა“ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.
ასევე ნახეთ კახა კალაძე: არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?